პატიმარი სააკაშვილი სასიკვდილო პროცესის მიმდინარეობაშია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დღევანდელ პროცესზე მოსამართლეებს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცეს.
„ამ წუთში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სრულად შედის თქვენს იურისდიქციაში, როგორც უფლება და ასევე, სრულად შედის თქვენს იურისდიქციაში, როგორც მოვალეობა იმიტომ, რომ მიმდინარეობა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ახალი ეპიზოდი. არ ვსაუბრობ იმაზე, რაზეც გამოძიება მიდის. ეს არის ახალი ეპიზოდი, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მკურნალობაზე უარის თქმა, არის წამება და არაჰუმანური მოპყრობა კონვენციურად და საქართველოს კანონმდებლობის თანახმადაც. ამიტომ, წამების შეჩერება და თქვენს იურისდიქციაში მყოფი პატიმრის, ასევე თქვენს იურისდიქციაში არსებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, ნებისმიერ შემთხვევავში, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა თქვენი ვალდებულებაა“,-მიმართა გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას.
მან მოსამართლეებს მოუწოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალისტებს მოუსმინონ.
„მოგიწოდებთ, მოუსმინოთ სპეციალისტებსაც და მიიღოთ სპეციალური დავალებები პენიტენციურ ორგანოსთან დაკავშირებით. სპეციალური სახელობითი მითითებებით და არა ზოგადით, რაც სწორი განმარტება არ არის“, - განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ წუთს დამძიმდეს.
„ნებისმიერ წუთს შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა. ამ ვითარებაში სასამართლოს უფლება და ვალდებულება აქვს, შეაჩეროს პატიმრისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ასევე, უზრუნველყოს მისი სიცოცხლის უფლება, ამ წუთში, ამ ქვეყანაზე, დედამიწაზე არავინ არის, ვისაც ეს შეუძლია, თქვენ სამის გარდა. პენიტენციური სამსახური პასუხისმგებლები რომ არიან, ეს არის ფიქციური პასუხისმგებლობა. კარგი, ისინი არიან პასუხისმგებლები და არ აკეთებენ, თქვენც ხართ პასუხისმგებლები და ამავდროულად, ფლობთ ეფექტურ მექანიზმს, რომ ნებისმიერი სახის დავალება გასცეთ“, - განაცხადა გვარამიამ.
მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა ისიც, რომ დროული მკურნალობა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით ლეტალობის რისკს აარიდებს.
„ის ვერ გამოჯანმრთელდება, ეს გამორიცხულია, ეს განგრძობადი პროცესია და ვერ შეწყდება, მაგრამ ექიმების განმარტებაა, რომ დაუყოვნებლივი ჩარევა უნდა მოხდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ წუთიერი კონსერვაცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ვერ გამოიწვევს გამოჯანმრთელებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ლეტალურ გამოსავალს თავიდან აგვარიდებს“, - განაცხადა გვარამიამ.