იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, საიდანაც გარკვეულ პრეპარატს არ იღებს, აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რას აკეთებს უწყება იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა უტარდება და მისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, როგორც კვების, ასევე ვიზიტორების მონახულების მხრივ.

„ვისაუბრებ იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის და ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომლის მიზანი არის პირდაპირ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მტკნარი სიცრუეა გამომდინარე იქიდან, რომ მას ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა, როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ახლახან, რამდენიმე ხნის წინ ასევე გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტიპროფილურ დაწესებულებაში. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქმის მას არ მიეწოდებოდა მკურნალობა, სრულიად კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მეორე, ასევე საუბარი იყო იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე ტყუილია.

ხაზგასმით უნდა ითქვა ისიც, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით. ასევე, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერის სახის პროდუქტი. მას ასევე აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ის ამას რეგულარული სახით ღებულობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს ის მშიერი რჩება, მიზანმიმართული ტყუილია და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. ასევე, მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს „სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა ამას საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს“. გარდა ამისა, რატი ბრეგაძის თქმით, მას სრულად მიეწოდება ყველა მედიკამენტი, რაც სჭირდება.

„მას სრულად მიწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც საჭიროებს, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს, თუმცა მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც საჭიროებს”, - განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რატი ბრეგაძის თქმით, ამ დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და სახალხო დამცველის აპარატს დეტალების დაზუსტების მიზნით მიმართეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს