საფრანგეთის ელჩი - ადრეა იმის თქმა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ამ ეტაპზე არ მუშაობს, გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვა კი არ მგონია, შესაძლებელი იყოს

ადრეა იმის თქმა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ამ ეტაპზე არ მუშაობს, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მათ აქვთ პოლიტიკა, რომელიც „რუსეთზე ნამდვილი ზეწოლის განხორციელებას გულისხმობს, რათა მან შეაჩეროს აგრესია და მთლიანად შეცვალოს თავისი თვალთახედვა უკრაინის საკითხზე“.

„აღნიშნული პოლიტიკა რამდენიმე საყრდენს ეყრდნობა, კერძოდ ხუთ საყრდენს. სანქციები ერთ-ერთი მათგანია. თქვენ მართალი ხართ, როცა აღნიშნეთ, რომ ეს ადრე დაწესებული სანქციების მსგავსი არ არის, როდესაც სანქციები ძირითადად ზოგიერთი ადამიანის მიმართ აქტივების გაყინვით შემოიფარგლებოდა, იმ მიზნით რომ ზეწოლა მოგვეხდინა ზოგიერთი მოლაპარაკების პროცესზე. ახლა სულ სხვა რამეზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური ინსტრუმენტების ბევრად უფრო ყოვლისმომცველ გამოყენებაზე რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა შეცვალოს თავისი არჩევანი და ეს მხოლოდ ერთ-ერთი საყრდენია.

მეორე საყრდენი, მე ვფიქრობ, ესაა უკრაინის მხარდაჭერა, ჰუმანიტარული და სამხედრო კუთხით. სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენ არ ვსაუბრობთ ბევრს იმის თაობაზე, რასაც ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ მას საკმაოდ დიდ მხარდაჭერას ვუწევთ, მათ შორის სამხედრო იარაღით. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ვაწვდით, არა პირდაპირი ჩარევა, არამედ საკუთარი თავდაცვის უფლების განხორციელების პროცესში უკრაინის მხარდაჭერაა.

ჩვენ გვაქვს მესამე საყრდენი, რაც საქმის საერთაშორისო სისხლის სამართლის ასპექტთანაა დაკავშირებულია. ვხედავთ, რომ ამ ოპერაციაში ენით აუწერელი დანაშაულები ხდება. ეს ზეწოლასთან ერთად სამართლიანობის ინსტრუმენტიცაა. ასე რომ, საფრანგეთის მთავრობა მუშაობს უკრაინის მთავრობასთან, რათა დაეხმაროს მათ გამოძიებაში და სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაციისა და იურიდიული საქმის წარმოებაში. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ საქმის გამოძიებას. ამ საკითხებზე ცოტა ხნის წინ გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა საფრანგეთისა და ალბანეთის დელეგაციების მიერ. ასე რომ, ეს მესამე პარამეტრია, რითაც ასევე ზეწოლას ვახდენთ. აგრეთვე დგას საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის იზოლაციის საკითხიც, რათა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება იმაზე თუ რამდენად მიუღებელია რუსეთის ეს საქციელი და რომ რუსები ამას ნამდვილად გრძნობენ. ამ ზომებიდან ზოგიერთი ძალიან სიმბოლურია, მაგალითად, სპორტული შეჯიბრებიდან რუსების გარიცხვა. საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გარიცხვის ფრონტზე, ჩვენ კიდევ ერთი წარმატება გვქონდა, როდესაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ამ საყრდენთაგან ბოლო ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერას გულისხმობს.

ჩვენ თავდაცვითი ხაზი ავაშენეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუმინეთში. დღეს ფრანგი ჯარისკაცები განლაგებულები არიან ესტონეთში, ლიეტუვაში, პოლონეთის ცასა და რუმინეთში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს საფრთხე არ დაემუქრება და არ მოხდება ჩვენზე თავდასხმა. ასე რომ, ჩვენ ამის ნაწილი ვართ. ომის დაწყების დღიდან ეს ყოვლისმომცველი პასუხია.

თქვენ მართალი ხართ, როცა აცხადებთ, რომ ამ ყველაფერმა რუსეთს საკუთარი ოპერაციების შეწყვეტა არ აიძულა და ეს გრძელდება. ჩვენ კი ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ ძალისხმევას და ალბათ, უფრო გავაძლიერებთ ამ ძალისხმევას - ჩვენ საუბრის პარალელურად ახლა სანქციების მეექვსე პაკეტი მზადდება. კითხვა იმაში მდგომარეობს, მოიცავს თუ არა ეს სანქციები, მაგალითად, შეზღუდვებს რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ საფრანგეთში ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ ამისთვის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ, საფრანგეთს, როგორც ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, გვაქვს პასუხისმგებლობა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის შიგნით შეთანხმებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ყველა პარტნიორს უნდა ვესაუბროთ, რადგან გვჭირდება არა მხოლოდ ძალიან ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ერთიანობაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორის შენარჩუნება. თუ როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა და თან წინ წავიდეთ, ახლა გამოწვევაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავძლიერდეთ ყველა ფრონტზე.

ჩვენ ასევე მხარდამჭერი განცხადებები გავაკეთეთ და როგორც ვთქვი, რუსეთთან მიმართებით ბოლო წარმატებები გვაქვს მისი იზოლაციისა კუთხითა და აგრეთვე, რუსეთის წინააღმდეგ იურიდიულ ფრონტზე. ჩვენ აბსოლუტურად მტკიცენი ვართ, რომ წარმატება გვქონდეს ამ პოლიტიკაში“, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ინტერვიში საფრანგეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესაძლებლობის თაობაზე კითხვასაც უპასუხა და როგორც აღნიშნა,“არ ჰგონია, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყოს, რადგან გაეროს ქარტია ამის საშუალებას არ იძლევა“.

„რასაც ჩვენ ვეძებთ არის სხვა გზები, რათა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება. მართალს ბრძანებთ, რომ რუსეთმა უშიშროების საბჭოში გამოიყენა ვეტო, მაგრამ ჩვენ შემდეგ გადავედით გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვქონდა. ორი კენჭისყრა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე, რომელიც გმობს რუსულ აგრესიას და ასევე მეორე კენჭისყრაც, რომელიც ჰუმანიტარული მხარდაჭერის შესახებ იყო აბსოლუტურად უზარმაზარი წარმატება იყო- 140 და 141 ხმა.

სადაც ჩვენ რუსეთის გაძევება ვცადეთ, იქ წარმატებას მივაღწიეთ. ახლახან, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ასე რომ, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ვეტო გახდეს გადაწყვეტილების დაბრკოლების მიზეზი. ჩვენ ვპოულობთ სხვა გზებს, როდესაც ვეტო სიტუაციას ბლოკავს. თქვენ ასევე ნახეთ, რომ ახლახან მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც უშიშროების საბჭოს ნებისმიერ მუდმივ წევრს, რომლებიც ვეტოს უფლებას იყენებს, აიძულებს, რომ თავი გენერალური ასამბლეის წინაშე იმართლოს. ეს რაღაცის დასაწყისია. ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით უშიშროების საბჭოს რეფორმირებისთვის, უშიშროების საბჭოს გაფართოებისთვის. ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით ვეტოსა და ყველა ამ ძალაუფლების შესახებ დისკუსიებისთვის. ჩვენ არ ვართ პირები, რომლებიც ვბლოკავთ და ვიცავთ საკუთარ პრეროგატივებს. ჩვენ, სინამდვილეში, საკმაოდ ღია ვართ ამ საკითხების რეფორმირებისთვის. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა გადაწყვეტილების მიღების პროცესი წინ წავიდეს და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას გამოყენებულია. ჩვენ კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვისურვებდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე არსებული გარკვეული წარმატებებით, გაეროში საკმაოდ ძლიერები ვიყავით. ჩვენ არ ვირიდებთ თავიდან ბევრი რამის გაკეთებას, რაც გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა