ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება აბსოლუტური თვითმკვლელობა პუტინის და მისი გარემოცვის, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ბირთვული იარაღის გამოყენებას ვერ გაბედავს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე.
„ბირთვული იარაღი არის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, თანაც ბირთვული იარაღის გამოყენებას გააჩნია თავისი ინდიკატორები. როდესაც კოსმოსური, აგენტურული, ტექნიკური დაზვერვა, ყველანაირი დაზვერვა მუშაობს განსაკუთრებით ამ მიმართულებაზე, არ მგონია, გამოეპაროთ განსაკუთრებული მზადება.
ასევე, არ გამოვრიცხავ სიცოცხლის იმ დიდ სიყვარულს, რაც ბატონ პუტინს გააჩნია, რომელიც თავის თავს უფრთხილდება, 5 მეტრით ახლოს არ ისვამს არავის და სულ დაცულია, არ მგონია, თვითმკვლელობაზე წამსვლელი პიროვნება იყოს, ან ის ან მისი გარშემომყოფები.
ბირთვული იარაღის გამოყენება, ეს იქნება აბსოლუტური თვითმკვლელობა მისი და მისი გარემოცვის, რომ არაფერი ვთქვათ, ნახევარი მსოფლიოს და რუსეთის განადგურებაზე, მაგრამ ვერ გაბედავს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, პუტინს დღეს „სირცხვილი საკმაოდ აქვს ნაჭამი“.
„პუტინის სირცხვილის ჭამა მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვერ ხედავენ მხოლოდ პროპაგანდის ღობის იქით მყოფი რუსეთის მოქალაქეები. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ეძირება ხომალდები ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც საზღვაო ძალები არ ჰყავს, რამდენი გენერალი დაეღუპათ და ა.შ. ამას მთელი მსოფლიო ხედავს. მას სირცხვილი საკმაოდ აქვს ნაჭამი, მაგრამ მის პროპაგანდისტულ მანქანას შეუძლია შეფუთოს არსებული მიღწევები დიდ გამარჯვებად“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.