ერთ-ერთი პოზიცია, სადაც საქართველო სამწუხაროდ, არ არის წამყვან პოზიციაზე, არის ის, რომ მედია არის მიკერძოებული. აქ საუბარია იმაზე, რომ ხშირად სარედაქციო პოლიტიკა მედიის მეპატრონეთა გავლენის ქვეშაა, რაც რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლებას აზიანებს, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ პრესის თავისუფლების კვლევას, სადაც საქართველოში პრესის თავისუფლება კვლავ პრობლემურად არის შეფასებული.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ობიექტური, მიუკერძოებელი და ეთიკური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვყავდეს ინფორმირებული ამომრჩეველი და ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ესეც არის. პაპუაშვილის შეფასებით, კვლევაში ყურადღება ამ მხრივაცაა გამახვილებული.
„ერთ-ერთი პოზიცია, სადაც საქართველო სამწუხაროდ, არ არის წამყვან პოზიციაზე, არის ის, რომ მედია არის მიკერძოებული. აქ საუბარია იმაზე, რომ ხშირად სარედაქციო პოლიტიკა მედიის მეპატრონეთა გავლენის ქვეშაა, რაც რა თქმა უნდა, აზიანებს მედიის თავისუფლებას, ვინაიდან არის გარკვეული, წინასწარ ჩამოყალიბებული სარედაქციო პოლიტიკა. თავისთავად 5 ივლისის ფაქტიც ამ შეფასებაზე გავლენას იქონიებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო საქართველოს ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ძალადობა, რომელიც ერთჯერად აქტად დარჩა და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, 5 ივლისის მოვლენები შეფასებაში თავის როლს შეასრულებდა, მაგრამ საერთო ჯამში „მოძრაობები ხდება, ქულა ზოგს მოემატა, ზოგს დააკლდა“. თუმცა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთო ჯამში, საქართველო არის იმ ჯგუფში, სადაც მათ შორის, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები არიან.
„ასე რომ, მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, ეს არის ყოველდღიური სამუშაო, მათ შორის, ჟურნალისტების მხრიდანაც. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და მოგიწოდოთ, რომ ეთიკური, პროფესიული და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ინფორმირებული მოქალაქეები გვყავდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, სისხლის სამართლის წესით რამდენიმე საქმე მიმდინარეობს და განაჩენებიც დადგა, „ასე რომ, სახელმწიფო ამას ასრულებს“. რაც შეეხება სარედაქციო მიუკერძოებლობას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით რთულია რამე გააკეთოს სახელმწიფომ.
„ეს არის ის მომენტი, როდესაც ჟურნალისტებმა საკუთარი ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა უნდა აკეთონ, რომელიც იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგიდან“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლება კვლავ პრობლემურად არის შეფასებული. მას ორგანიზაციის მიერ 59,30 ქულა აქვს მინიჭებული და ის 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსით 89-ე ადგილზეა.