ხატია დეკანოიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმ ექიმების მოსმენა მოითხოვა, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა დადეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმ ექიმების მოწვევა და მოსმენა მოითხოვა, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა დადეს.

დეკანოიძემ ასევე კომიტეტს პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის წინადადებით მიმართა.

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, იანვრის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა. მან კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს დავით სერგეენკოს, როგორც ექიმებს სთხოვა, სააკაშვილი პირადად მოინახულონ და მის მდგომარეობას ადგილზე გაეცნონ.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა, ვიდრე იყო გუშინ. საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის და საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ძალიან მალე შეიძლება ძალიან მძიმე მოცემულობა დადგეს“, - განაცხადა დეკანოიძემ კომიტეტის სხდომაზე.

პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი კლინიკურ საკითხებში არ და ვერ შევა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა კომიტეტი მხოლოდ ტექნიკური საკითხების ზედამხედველობის განხორციელება შეუძლია.

„როდესაც პანდემიის პერიოდს ვიხილავდით, მაშინაც ორგანიზაციულ საკითხებში შევედით და არა კლინიკურ საკითხებში. ეს ჯანდაცვის კომიტეტის კომპეტენცია და მისი შესაძლებლობის საზღვრები არ არის. ამას დარგობრივი განხილვა სჭირდება. დარგობრივი განხილვა ყველაზე სწორი გამოსავალია იმისთვის, რათა სწორად იქნას დიაგნოსტირებული და დაგეგმილი, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა გპირდებით, რომ ჩავერევით ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების ზედამხედველობის კუთხით. კლინიკურ საკითხებში ჩვენ არ და ვერ შევალთ“, - მიმართა ხუნდაძემ ხატია დეკანოიძეს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია