ლევან იოსელიანი - არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, თორემ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერდი - რაც შეეხება მის მდგომარეობას, სააკაშვილს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ ეს  საკითხი ქვეყნის 90%-ს არ აწუხებს

ყველა ბრალდება, რომელიც უკრაინიდან მოდის, ვისურვებდი, რომ კონკრეტული მტკიცებულებით იყოს გამყარებული , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, უკრაინის მხრიდან ბრალდებებს საქართველო არ იმსახურებს, რადგან ასეთი ბრალდებები არ ისმის იმ ქვეყნების მიმართაც კი საიდანაც უკრაინა იბომბება.

„საქართველოდან ელჩია გაწვეული, მაშინ, როდესაც ბელარუსიდანაც არ არის გაწვეული, რაც არ არის ნორმალური. ყველა ბრალდება, რომელიც უკრაინიდან მოდის, ვისურვებდი, რომ გამყარებული იყოს კონკრეტული მტკიცებულებით. ძალიან რთულია, როდესაც ბრალს გდებენ სანქციებისგან თავის არიდებაში, ამით გეუბნებიან, რომ შენ ხარ რუსეთის მხარეს. თუ არ დამიმტკიცებ, მე ამ ბრალდებას არ მივიღებ“,- განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანის განცხადებით, უკრაინის მხრიდან ბრალდებები არალოგიკურია, თუმცა ამ ყველაფრის „დაბრალება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ იქნება სწორი.

„თვითონ ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იქ ხალხი ჰყავს, რომელსაც გავლენა აქვს უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრზე, შიგნით პარტიაში, ეს ფაქტია. მათ რომ დავაბრალო, რომ ამ ყველაფერს ესენი აკეთებენ, არ იქნება სწორი. არ მაქვს ამის მტკიცებულება და ჩემი მხრიდანაც ტყუილი ბრალდება გამოვა, მაგრამ აბსოლუტურად არალოგიკურია უკრაინიდან ასეთი ბრალდებები ისეთ პირობებში, როდესაც მოქალაქეებიდან დაწყებული ყველა დონეზე - საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით წასული, ყველაფერს აკეთებს ქვეყანა, რომ უკრაინას აჩვენოს, რომ გვერდში უდგას. იქიდან მოდის განუწყვეტელი ბრალდებები, იმ პირობებში, როდესაც ასეთი ბრალდებები არ ისმის იმ ქვეყნების მიმართ, საიდანაც უკრაინა იბომბება, ეს ჩემთვის გაუგებარია, რატომ დავიმსახურეთ ჩვენ ეს ყველაფერი?“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების თავდაპირველი განცხადებები მიუღებელი იყო, თუმცა დღეს ასეთ განცხადებებს აღარ აკეთებენ.

რაც შეეხება დახმარების ნაწილს, იოსელიანის თქმით, საქართველო ყველანაირად ცდილობს უკრაინას მხარში დაუდგეს, და გაუგებარია სხვა რა შეიძლება გაკეთდეს, იარაღს კი "ჩვენ ვერ გავუგზავნით, ჩვენი სამყოფი არა გვაქვს".

„განცხადებები, რომელიც პირველად გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იყო აბსოლუტურად მიუღებელი, აბსოლუტურად გაუგებარი, შეურაცხმყოფელი უკრაინელების მიმართ და მაშინვე გამოვედით და ყველამ ვთქვით, რომ ასეთი რამის თქმა არ შეიძლება, სირცხვილია. ერთი არის განცხადებები და განცხადებაზე პასუხი, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დასრულდეს. ეს არ შეიძლება იყოს უწყვეტი პოლიტიკური ციკლი. დღეს ხომ აღარ აკეთებენ ასეთ განცხადებებს? ყველაფერზე ან ჩუმად არიან ან ძალიან მოზომილ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ იქიდან მაინც არ წყდება ბრალდებები, რაზეც ძალიან გული მწყდება, რადგან არ ვიმსახურებთ ასეთ დამოკიდებულებას, როცა მართლა ყველანაირად ვცდილობთ, რომ მხარში დავუდგეთ უკრაინელებს. სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? იარაღს ჩვენ ვერ გავუგზავნით ჩვენი სამყოფი არა გვაქვს. განცხადების დონეზე ვინმე თუ რამეს ამბობს გამოვდივართ და ვაკრიტიკებთ და მე მგონი რაღაც გავაგებინეთ კიდეც და ბოლო დროს ცდილობენ, რომ ეს განცხადებები მოზომილი იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, მის მხარდასაჭერად და უცხოეთში სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნით ჩატარებულ აქციებში პარტია „მოქალაქეები“ მონაწილეობას არ მიიღებს.

„ამ ქვეყანაში მრავალათასიანი მიტინგები გამართულა. ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი მიტინგები გაიმართა, ამ გამოსვლებს მოჰყვა შედეგი და არცერთი მათგანი არ იყო გამოყვანილი ფულით და პარტიების მიერ, ყველა ეს შეკრება გამოიწვია უსამართლობის განცდამ კონკრეტული ადამიანის მიმართ ან პოლიტიკური პროცესის გამო. ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლიმიტირებული ამომრჩეველი და ამ მხარდამჭერების 1%-იც არ გამოდის ქუჩაში.

შემოდგომაზე რომ იყო დიდი აქცია, მაშინ მახსოვს ალეკოს კითხეს რას აკეთებდიო და ღვინოს ვწურავდიო და მაგის გამო ძალიან გააკრიტიკეს. ახლა რა ვიცი, გაზაფხულია და შეიძლება მოსავალი იყოს ასაღები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ იქ არ ვიქნებით. კონკრეტული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ჩვენ რა გვესაქმება?“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აწამეს.

„პირველი, არ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი ვინმემ აწამა. მეორე, არ მიგვაჩნია სწორად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი პარლამენტში უნდა იყოს მომავალი თვეების მანძილზე, 6 თვის მანძილზე. ისედაც სულ ამათზეა საუბარი და არ ვთვლით, რომ კიდევ მთლიანად პარლამენტი უნდა მოიცვას ამან. მესამე, უამრავი საგამოძიებო კომისია არის შესაქმნელი, მათ შორის დაინიცირებულიც იყო 5 ივნისის საქმეზე, რომელსაც სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოუერთდა და ეს კომისიები არ შეიქმნა. ადამიანები დასახიჩრდნენ, მედიის წარმომადგენლები სცემეს და ეს თითქოს არ არსებობს და ერთადერთი საკითხია ფარმაკოლოგიური წამება. მე რომ გულწრფელად მჯეროდეს, რომ იქ ის ვინმემ აწამა, ნამდვილად დავუჭერდი მხარს იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება პარტიის მიმართ არ განსაზღვრავს დანაშაულის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. თუ ადამიანი აწამეს, ვინც არ უნდა იყოს დავუჭერდი მხარს.

ვერანაირი დასკვნა ვერ დაიდება და საერთოდ ეს მათთვის კონტრპროდუქტიული იქნება და მეორე ამბავი არის ის, რომ რამდენი რამეა გამოსაძიებელი, რამდენი პრობლემაა, რამდენი უსამართლოდ ციხეში ნამყოფი ადამიანია, რამდენი ნაწამები ადამიანია და ამათზე არავინ არ ლაპარაკობს. თუ ვლაპარაკობთ რაღაც გამოძიებაზე, მოდით, მაშინ ყველაფერი გამოვიძიოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის 90%-ს მიხეილ სააკაშვილის პრობლემები არ აწუხებს.

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ამ ქვეყნის 90%-ს არ აწუხებს ეს მაინც და მაინც. ბევრი ადამიანი შიმშილობს, ბევრ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ბევრი პატიმარია ციხეში, ვისაც ანალოგიური მდგომარეობა აქვს და მათზე არსად არ არის საუბარი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო