გიორგი ამილახვარი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევთ, ვკონცენტრირდეთ ომის მოგვარებაზე - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ სხვა ვინმე

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევთ, ვკონცენტრირდეთ ომის მოგვარებაზე - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ სხვა ვინმე, - ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

ამასთან, ამილახვარი ამბობს, რომ მათი განცხადებები „აღვივებს ანტიუკრაინულ განწყობებს საქართველოში და საქართველოს მოსახლეობაში“.

„უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცალკეული განცხადებები უკვე ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული. ერთი მხრივ, ისინი ხან ნატო- ს სდებენ ბრალს, რომ ნატო-მ მიითვისა სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიები, ხან გერმანიის კანცლერს და პრეზიდენტს სდებენ ბრალს არასწორ მოქმედებებში, ბოლო დროს გამოირჩევიან საქართველოს, მათი მეგობარი ქვეყნის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გამოთქმით. შესაბამისად, ჩვენ მათ ვურჩევთ, ახლა უკრაინაში, ევროპის კონტინენტზე გაჩაღებულია ომი და როგორც ისინი, ასევე ჩვენ, ვკონცენტრირდეთ ამ ომის მოგვარებაზე. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ სხვა ვინმე. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,“ - განაცხადა ამილახვარმა.

კითხვაზე, ამ განცხადებით ადასტურებს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ამილახვარი ამბობს, რომ ის გასულია პოლიტიკიდან და არავითარი შეხება არ აქვს არც ერთ სახელისუფლებო შტოსთან და პოლიტიკასთან. ის მიიჩნევს, რომ მასზე გაკეთებული განცხადებების მიზანია შტურმის მიტანა მასზე პერსონალურად და ამით ჩირქი მოსცხონ მას მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას“.

„ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც იყო ბიძინა ივანიშვილი,“ - აღნიშნავს ამილახვარი.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რის საფუძველზე საუბრობს მოსახლეობის ანტი უკრაინულ განწყობებზე, მაშინ როცა არაერთი მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად, ამილახვარი აცხადებს, რომ „საქართველო და მისი მოქალაქეები არის პირველ ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, ამის ფონზე შეურაცხმყოფელი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, ვის აირჩევს ხელისუფლებაში“.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

„საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. "საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,“ - განაცხადა პოდოლიაკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს