თორნიკე შარაშენიძე - უკრაინელების ტონი არის მცდელობა, მაქსიმალურად მიაღწიონ იმას, რომ სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ რუსეთთან რაღაც კონფრონტაციაში, რაც პრინციპში, გამართლებულია, რადგან ომში არიან

უკრაინელების ტონი არის მცდელობა მათი მხრიდან, რომ მაქსიმალურად მიაღწიონ იმას, რომ სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ რუსეთთან რაღაც კონფრონტაციაში, რაც, პრინციპში, გამართლებულია, რადგან ომში არიან, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას იმაზე მეტად ვეღარ დაეხმარება, ვიდრე ახლა.

„ერთი მხრივ, მათი [უკრაინის] პოზიცია გასაგებია, მაგრამ საქართველოს შემოხედონ, ჩვენ არ ვართ მათსავით 45-მილიონიანი სახელმწიფო უზარმაზარი ტერიტორიით. აქ რომ ომი დაიწყოს და მაგარი ჯარიც რომ გვყავდეს, იმ ჯარს მომარაგება ხომ დასჭირდება? მადლობა ღმერთს, რომ უკრაინელები მარაგდებიან ორი დერეფნით - მათ აქვთ დერეფანი პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან. ჩვენ ერთადერთი დერეფანი შეიძლება გვქონდეს თურქეთიდან და სანამ თბილისამდე მოვა იარაღი და ეშელონი, იმას რუსეთი ასჯერ დაკეტავს და ააფეთქებს. ჩვენ სხვა სიტუაცია გვაქვს. კიევი რუსეთის საზღვრიდან საკმაოდ შორს არის და თბილისთან პირდაპირ დგას რუსული ჯარი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მან ასევე ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალოგიკურია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ქართველი ოლიგარქი, შესაძლოა, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდეს.

„ლოგიკურად ვიმსჯელოთ, ივანიშვილს ვერ დავაბრალებთ, რომ გიჟია. პირიქით, ძალიან ფრთხილი და რაციონალურია და რატომ უნდა შეუქმნას თავის ქონებას და პირადი უსაფრთხოებას პრობლემები, რათა გვერდი აუაროს სანქციებს და სიტყვაზე დამატებით 10 მილიონი იშოვოს? მისთვის 10 მილიონი რა არის? ასეთ ალოგიკურ რაღაცებს ვერ დავიჯერებ. რაც არ უნდა სძულდეთ ვიღაც-ვიღაცებს ივანიშვილი, იმ კაცს ვერ დააბრალებ, რომ ირაციონალური და გიჟია და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის ოჯახს, რომელიც ძალიან უყვარს და ქონებას.

ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელმა შეიძლება უკეთესი განცხადებები გააკეთოს, მაგრამ სხვაგვარად ჩვენ მათ ვერ დავეხმარებით. თუ ვინმეს მართლა აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ მეორე ფრონტი შეგვიძლია გავხსნათ, გადავუაროთ ყველაფერს და ავიღოთ ცხინვალი და სოხუმი, პირველ რიგში იმას შევახსენებ, რომ ჩვენ ღიად გვაქვს გაცხადებული, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანად აღვადგენთ. ეს გაცხადებული იყო ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს და ამ პოლიტიკას ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რუსები გასული რომც იყვნენ ჩვენ შევალთ და იქ დაგვხდებიან ია-ვარდებით და ყველაფერი იოლად დასრულდება, ძალიან ცდება. ჩვენ თუ ევროკავშირში შესვლა გვინდა, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპული სახელმწიფოები. მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა - თუ თავს ევროპელებად და ცივილიზებულად ვთვლით, ოსების და აფხაზების კეთილგანწყობა უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს