ირაკლი ნადარეიშვილი - ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მან კონფერენციაზე Meet THE Change განაცხადა, რომელიც THE Crossroads სტარტაპ-პლატფორმის ფარგლებში, სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისში გაიმართა.

„ინოვაციური ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა, რომლის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და არის მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის აქსელერაციის პროგრამა, რომელიც გასულ წელს „სილიკონ ველის“ ერთ-ერთ წამყვან აქსელერატორ კომპანიასთან ერთად განხორციელდა, ის წარმოადგენდა რეგიონულ პროექტს, სადაც დაახლოებით 30 პროცენტამდე მონაწილეობდნენ სტარტაპები რეგიონებიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის მნიშვნელობას და როლს ჩვენს რეგიონში“,-განაცხადა ნადარეიშვილმა.

უწყების ცნობით, კონფერენციაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, THE Crossroads-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კობახიძე, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლინდა პერეირა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და THE Crossroads პლატფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ, ინდუსტრიისთვის აქტუალურ თემებზე, სტარტაპ-ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე, კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასა და ბიზნესტურიზმის, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური აქსელერატორის განვითარების საჭიროებაზე ისაუბრეს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურად ქართული სტარტპატ-ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, მხოლოდ საგრანტო პროგრამის პორტფელში ორასამდე სტარტაპის პროექტია დაფინანსებული, რომელთა მიერ ჯამურად მოზიდული უცხოური ინვესტიციები, დღეისთვის 300 მილიონ ლარს აჭარბებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პროექტი THE Crossroads საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად დაიწყო და მისი მიზანი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა.

„გლობალური პლატფორმა მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს აერთიანებს, რათა ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია