სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებაში“ არ ესმით, რა შეიძლება იყოს შედეგი თუ სააკაშვილი მოკვდება ან მძიმედ დაინვალიდდება - ეს იქნება ისეთი დარტყმა ქვეყნის რეპუტაციაზე, რომელსაც ვეღარ ჩამოირეცხავ

ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეგნებულად არ უნდა უკრაინასთან ურთიერთობების გამოსწორება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „ისტერიული დამოკიდებულება“ ჩვენივე ინტერესებს ვნებს.

„ერთის მხრივ, გასაგებია უკრაინელების პოზიცია, ნერვიულ გარემოში, ომში არიან და ნებისმიერი კითხვა, რომელიც მათ უჩნდებათ, იქნება ეს ივანიშვილის ევტუშენკოვთან საუბრის გამო თუ სხვა, მათი გადმოსახედიდან არის ლეგიტიმური. თუ ეს ყველაფერი არის არასწორი, არალეგიტიმური და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს სანქციების გვერდის ავლასთან, მაშინ ამაზე შეიძლება წყნარი კომუნიკაცია მათთან და ახსნა, რომ ეს ყველაფერი არ ხდება. ის კომენტარები და რეაქცია, რომელიც აქ არის, ასევე ნერვიული, ბატონი კალაძის განცხადება ვნახე, შეამკო პოდოლიაკი და თქვა, რომ ნახეთ მისი პასუხი. მე არ ვიცი რას გულისხმობს მის წარსულში, ბელარუსიდან გააგდეს თავის დროზე, რადგან ჩათვალეს, რომ იყო დემოკრატიის მომხრე და ითვლება რომ არის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი უკრაინაში. ასეთი ისტერიული დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჩვენივე ინტერესებს ვნებს. მე მგონი, ეს არ ესმით კარგად ან შეგნებულად აკეთებენ ამას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინის გარეშე „არანაირი შანსი არ გვაქვს“.

„ერთი და იგივე ევროპული ამოცანა რომ არ გვქონდეს, რომ არ გვქონდეს ერთად შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ერთად რომ არ ველოდებოდეთ ევროკომისია რა ვერდიქტს გამოიტანს, ივნისში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ერთად რომ არ ველოდებოდეთ, ერთ გზაზე რომ არ ვიყოთ, ასეთი სიტყვიერი „შპილკაობა“ შეიძლება ვთქვათ, რომ ნორმალური ამბავია, რაღაც არ მოეწონათ და ამათაც უპასუხეს, მაგრამ რადგანაც ამ გზაზე ვართ ერთად, ამ პროცესში ლოკომოტივი არის უკრაინა, ჩვენ რომ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში, უკრაინის გამო შევიტანეთ. ევროკავშირი რომ განიხილავს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას უკრაინის გამო განიხილავს. ერთ უღელში ვართ ამ გეოპოლიტიკური ვითარების გამო. ნებისმიერი ჩვენი შეტევა უკრაინაზე, ნებისმიერი რიტორიკული განცხადებები, მაგალითად, „სანქციების არ ვუერთდებით“, დემონიზება ზელენსკის და მისი გარემოსი. სამთავრობო 2 000 - ლარიან ექსპერტებს რომ ჩართავენ ხოლმე და აშავებენ ზელენსკის, მათ ალბათ არ ესმით, რომ ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს შანსებს ევროინტეგრაციისთვის. ამ პროცესში ჩვენ უკრაინის გარეშე არანაირი შანსი არ გვაქვს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვითარების დრამატულად განვითარების შემთხვევაში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ საზოგადოებას მივიღებთ, რომლის ერთი ნაწილიც მუდმივად იქნება ორიენტირებული, რომ შური იძიოს.

„არაფორმალური მმართველობის პირობებში, როგორც წესი მოშლილი და მორღვეულია ხოლმე პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ ადამიანებს არ ესმით, რა შედეგი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის, თუ სააკაშვილი მოკვდება ან მძიმედ დაინვალიდდება. არ ესმით, რომ ერთის მხრივ, ეს იქნება ისეთი დარტყმა ქვეყნის რეპუტაციაზე, რომელსაც მერე ვეღარ ჩამოირეცხავ ძალიან დიდი ხანი და მეორე, უფრო მთავარი, მათ არ ესმით ან ვერ უბედავენ თავიანთ ბატონს რომ ენა შეუბრუნონ, რომ ასეთი დრამატული განვითარების შემთხვევაში, დღეს ხომ არის მძიმედ პოლარიზებული საზოგადოება, გვექნება უაღრესად პოლარიზებული საზოგადოება. ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული საზოგადოება, რომლის ნაწილიც მუდმივად იქნება ორიენტირებული, რომ იძიოს ამისთვის შური. ეს არ ესმით რამდენად მძიმე და დამაზიანებელია საზოგადოებისთვის.

იმის გაცნობიერება არის აუცილებელი, რომ ამ ადამიანს ჰყავს ძალიან ბევრია ამომრჩეველი, მინიმუმ 20-25% და ერთ მეოთხედს მოსახლეობის რომ ისეთი გარიყვის საფრთხის წინაშე დააყენებ, რომ გაბრაზდებიან და მათ ექნებათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის განცდა, ეს ქვეყნისთვის არის დამღუპველი. ქვეყნის მომავლისთვის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ის, რომ მისი მხარდამჭერები გარეთ არ გამოდიან, ქვებს არ ისვრიან და გაბრაზებული არ ჩანან, არ ნიშნავს, რომ ასე არ არიან. თუ ეს მოხდება, წინ არ გველის ნათელი მომავალი და ამ ადამიანებს ეს განცდა არ აქვთ იმიტომ, რომ არ აინტერესებთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო