სააკაშვილის მდგომარეობის და ჯანმრთელობის შემდეგი დამძიმება ქვეყანაში პოლარიზაციას მხოლოდ გააღრმავებს და „ქართული ოცნება“ აშკარად ფიქრობს, რომ ეს მის ინტერესებში შედის , - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტმდივანმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
„დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა სჭირდება. ის, რომ მისი მდგომარეობა რთულია, ამას ადასტურებს კონსილიუმი, სახალხო დამცველი და ა.შ. ამავე დროს, სააკაშვილი ამბობს, თუ მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ სამკურნალოდ წავიდეს სხვა ქვეყანაში, (ეს ჩემი სიტყვები არ არის, მიხეილ სააკაშვილმა ეს სასამართლო პროცესზე განაცხადა) რომ ამ შემთხვევაში, ის აპირებს ქართულ პოლიტიკურ გარემოში არ ჩაერიოს. დღეს სააკაშვილის მდგომარეობის და ჯანმრთელობის შემდეგი დამძიმება ქვეყანაში პოლარიზაციას მხოლოდ გააღრმავებს და „ქართული ოცნება“ აშკარად ფიქრობს, რომ ეს მის ინტერესებში შედის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან შეცდა, უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მაგრამ რატომ გადახია ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“? იმიტომ, რომ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეთანხმება იყო გამოსავალი ამ პოლარიზებული გარემოდან. პოლარიზებული გარემო „ქართულ ოცნებას“ აწყობს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, უნდა ენდონ თუ არა სააკაშვილს სიტყვაზე, სამადაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, გამოსავალს მოძებნიან.
„ამის შესაბამისი ფორმების გამოძებნა, როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს, მათ შორის, საერთაშორისო ჩართულობით, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, ამის პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, თუ „ქართული ოცნება“ ამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, შესაძლებელია, გამოსავალი მოიძებნოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.