კოკა კაციტაძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიებას საგამოძიებო სამსახურიც აგრძელებს და მას იგივე გამომძიებელი იძიებს, ვინც საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერიოდში მუშაობდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიებას მისი უწყება დღესაც აგრძელებს.

როგორც კაციტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საქმეს იგივე გამომძიებელი იძიებს, ვინც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პერიოდში იძიებდა.

„თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ასევე ამ საქმეზე დანიშნულია უამრავი ექსპერტიზა, რომლის პასუხები ჯერ არ მიგვიღია. ყოველივე ამის დასრულების და მათ შორის ექსპერტიზის პასუხების მიღების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ამ საქმეზე დასკვნების გაკეთება“, - განაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება ზოგადად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას ბოლო ორი თვის განმავლობაში, კაციტაძე ამბობს, რომ ამ პერიოდში უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის 74 საქმეზე დაიწყო, მათგან 7-ზე კი, პროკურატურა უკვე აწარმოებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

„4 პირი არის სამართალდამცავი - 3 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 1 კი პენიტენციური დეპარტამენტის. მათ ვედავებით სამოხელეო დანაშაულის ჩადენას, ასევე ყოფით ნიადაგზე ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. ასევე არის 3 ადამიანი, რომელთაც ბრალად ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მის გაუქმებამდე მუშაობდნენ. კაციტაძის ინფორმაციით, ყველა იმ თანამშრომლის განცხადება დაკმაყოფილდა, რომელმაც განცხადება დაწერა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

„ეს ადამიანები იკავებენ იგივე პოზიციას, რაც ეკავათ. ისინი ჩემთვის უცხო არ ყოფილან. მე მათთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ვიცი მათი შესაძლებლობები, მათი პიროვნული და პროფესიული თვისებები. ამიტომ თითოეული მათგანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით 70-მდე თანამშრომელი მუშაობს“,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო