ალეკო ელისაშვილი - ძალიან დიდი სირცხვილი და კატასტროფა იქნება, რომ სააკაშვილი ციხეში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოკვდეს, ეს იქნება სახელმწიფოსთვის თავის მოჭრა

ძალიან დიდი სირცხვილი და კატასტროფა იქნება, რომ სააკაშვილი ციხეში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოკვდეს. ეს იქნება სახელმწიფოსთვის თავის მოჭრა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას.

„როდესაც ის შიმშილობდა, მისი მხარდამჭერების ერთ ნაწილზე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ სულზე იყვნენ გარდაცვლილიყო, რათა რაღაც მუხტი გაჩენილიყო და რევოლუცია მოეწყოთ. მეორე მხრივ, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი მოწინააღმდეგეების ნაწილს ერთი სურვილი ჰქონდა სააკაშვილის სახით პრობლემა „სტალინურად“ მოეშორებინა - არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მე არცერთ ჯგუფს მივეკუთვნები. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხეში იყოს ჯანმრთელი. გული იმაზე მწყდება, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველა უყურებს თავისი გადასახედიდან, პარტიული ჭუჭრუტანიდან. საქართველოს სახელმწიფო იმიჯზე არავინ ფიქრობს. სააკაშვილი ციხეში ჯანმრთელობის პრობლემებით რომ ზის, ეს აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. ამას ასე უნდა შევხედოთ, რომ ვართ სახელმწიფო, რომელიც კლავს ციხეში ყოფილ პრეზიდენტს. რად გვინდა ეს? არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მიაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარია და ტყვედ არის აყვანილი. მიმაჩნია, რომ კონკრეტული დანაშაულებები აქვს ჩადენილი, რომელზეც პასუხი უნდა აგოს. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ. ხელისუფლებაში ყოფნა არ არის ინდულგენცია“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ თავად პატიმარი, არამედ სახელმწიფოც.

„ვიღაცები ახლა ძალიან იფხანენ გულს იმით, რომ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ. ეს ახასიათებს იმ ხალხს, ვინც დიდად არ გამოირჩეოდა სააკაშვილის დროს მის წინააღმდეგ ბრძოლით - სადღაც ჩუმად იყვნენ და შეიძლება ტაშს უკრავდნენ. შურისძიებაზე მაღლა თუ არ დადექი, არც კარგი ადამიანი ხარ და შესაბამისად არც კარგი პოლიტიკოსი. ციხეშია, მეტი რაღა გინდა?“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა საქართველოს თავდაცვის სისტემაზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები მზადყოფნაში იყოს.

„რეალურად, დღეს ახლა რაზე უნდა ვლაპარაკობდეთ - სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები რამდენად მზადყოფნაშია ქვეყანაში? მეტრო მხოლოდ თბილისშია, სხვაგან არსად არის. დანარჩენი თავშესაფრები სად არის? საჰაერო განგაშის შემთხვევაში, გვაქვს სირენები? მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა აქვს ხელისუფლებას? ახლა ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ. იარაღის ფლობა უნდა ვისწავლოთ, მისი შენახვის უფლება უნდა გვქონდეს, რადგან საფრთხის შემთხვევაში გვიანია იდაყვზე კბენა. ტერიტორიული თავდაცვა უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული - ხომ ვხედავთ, რომ ეს სისტემა ეფექტურად მუშაობს? კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ არ ესხმიან თავს ისეთ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად. ვის მოუვა ჭკუაში, რომ აშშ-ს, შვეიცარიას ან ფინეთს თავს დაესხას? ფინეთი ჩვენხელა ქვეყანა არის, სავალდებულო სამსახურიც აქვს, ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეობრივი ქვედანაყოფებიც აქვთ, ყველაზე მაგარი იარაღის წარმოება აქვთ და ყველაზე მაგარი სნაიპერები ჰყავთ. ქვეყანა არის არანორმალურად მზად თავდაცვისთვის, ამიტომ რუსეთიც კი, რომელიც თავს ყველას ესხმის, ვერ გაბედავს, რომ თავს დაესხას ფინეთს. თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან, „პუტინი რა მაგარი კაცია, მაგას ვენაცვალე“ კი არ უნდა იძახო და მარგარიტა სიმონიანს კი არ უნდა მოაწონო თავი, ქვეყანა უნდა მოამზადო ომისთვის და როცა მზად ხარ, შეგიძლია მშვიდად იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო