საომარი მოქმედებების შემთხვევაში, დაგვეხმარება თუ არა საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის მკითხაობის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა აზრი შეიძლება გაგვაჩნდეს, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რამდენად სწორია განცხადება, რომ საქართველო რუსეთს ომს ვერასდროს მოუგებს და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს [უკრაინის] მსგავსად მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ რუსეთისგან მომდინარე გაზრდილ საფრთხეებზე.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ამ კუთხით და რიტორიკით" დასმული შეკითხვა მიუღებელია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საომარი მოწოდებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.
„მიზეზის ძებნა უფრო მეტია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრაგმატული შეხედულება როგორმე გააშავოთ და ისევ იმ რელსებზე გადმოიყვანოთ. ის, რომ ომის პირობებში საქართველო იქნება რუსეთთან წაგებული, სალომე ზურაბიშვილმა კი არ უნდა გითხრათ, თქვენ უნდა ამბობდეთ ამას და მოუწოდებდეთ იაგო კაჭკაჭიშვილს, ყოფილ პრეზიდენტ მარგველაშვილს, ეკა გიგაურს, რომ ნუ მოუწოდებენ ქვეყანას საომარ მოქმედებებში ჩაერთოს.
საერთაშორისო საზოგადოება გვეხმარება საკმარისად, რათა ამ პერიოდში დაცულად ვიგრძნოთ თავი. საომარი მოქმედებების შემთხვევაში, დაგვეხმარება თუ არა საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის მკითხაობის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა აზრი შეიძლება გაგვაჩნდეს, მაგრამ მთავარი თემა ის არის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში და არ უნდა ვიყოთ მოწოდებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკოთ, რომ მან საომარი მოწოდებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. თუ როგორ მოხდება, რა მოხდება, ეს მკითხაობები არის მეორე ნაწილი, რასაც რასაკვირველია, თქვენი ინტერპრეტაცია შეიძლება გაუკეთოთ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მას ასევე ჰკითხეს იმ ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმად, გაზრდილი რისკების ფონზე ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს და ხომ არ არსებობს იგივე საკითხზე რაიმე მოლაპარაკებები ან დიალოგი საქართველოსთანაც თავად როგორ უყურებს ამ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ დნესტრისპირეთში გარკვეული მცდელობა იყო სამხედრო დაპირისპირების პროვოცირების, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის, ხოლო საქართველოს დღეს რაც სჭირდება, არის იმ ადამიანების შეკავება, ვინც საომარ მოწოდებებს აკეთებენ.
„ფრონტის ხაზი, რომელიც დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს უახლოვდება მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილს და დამატებით საფრთხეებს ქმნის. როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ხვალ, მე ვერ გეტყვით, თუმცა, გეტყვით დღეს რა გვჭირდება. დღეს გვჭირდება ისეთი ადამიანების შეკავება, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ,"- აღნიშნავს ვოლსკი.
დამაზუსტებელ კითხვაზე, იარაღი და სამხედრო დახმარება თუ ჭირდება საქართველოს, ვოლსკი აღნიშნავს - „მე გითხარით".