მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები ახლა დაკავებული იყვნენ იმით, რომ არწმუნებდნენ და მოუწოდებდნენ მას - მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის ყველა სამედიცინო სერვისი, რომელიც შეეთავაზება, მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებაზე.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
„მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი რამ: ერთი გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქ, ამ თვეების განმავლობაში დამოკიდებულება არის ერთი, რომ სახელმწიფო, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ყველა პატიმარს შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიაწოდოს და ამის შეთავაზებაც ხდება. ჩვენ მოვისმინეთ, როგორც პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებისგან, ისე ვფიქრობ, რომ არცერთ სხვა საექიმო ჯგუფს არსად უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს არ სთავაზობს შესაბამის სამედიცინო სერვისს. თუმცა, ამავე დროს, მოვისმინეთ, მათ შორის, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს უარს გარკვეული სამედიცინო სერვისის მიღებაზე, რაც რა თქმა უნდა, პრობლემაა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „სააკაშვილის გულშემატკივრები დაკავებული“ უნდა იყვნენ იმით, რომ დაარწმუნონ სააკაშვილი, რომ მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს შესაბამისი სამედიცინო სერვისები.
„თუმცა, ამ ისტორიას მეორე ნაწილი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა გზის ძიებას იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და აარიდონ ის სასჯელი, რომელიც მას სამართლიანად მიუსაჯა სასამართლომ. იცით, რომ პარლამენტის წევრის ცემის ორგანიზებისთვის და სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომაც კი, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დანაშაულში, სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის არიდებაში ჩართული იყო. ასევე, სხვა არაფერი უთქვამს ქართულ სასამართლოსაც გარდა იმისა, რაც თქვა სტრასბურგის სასამართლომ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, დღეს ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი წარმომავლობის, თანამდებობის, თუ ა.შ. ვინც ამბობს, „თავისუფლება მიშას, დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს, ყველა ეს ადამიანი დასცინის მართლმსაჯულების იდეას“. ამიტომ, პაპუაშვილის განმარტებით, ამ მხრივ სახელმწიფო ვალდებულია, რომ აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურებულია.
რაც შეეხება შეკითხვას უშუალოდ კლინიკაში გადაყვანის შესახებ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის კომპეტენცია არ არის საკითხი ჯანმრთელობის შესახებ და საკითხი პატიმრის გადაყვანის შესახებ. მისივე მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისის შეთავაზება აქვს და ზოგიერთზე ის უარს ამბობს.
„აქ საკითხი არ არის იმაში, რომ არის რაღაც სერვისები, რომელიც საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ის სააკაშვილის დიაგნოზს ვერ განიხილავს.
პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის განცხადებებს რომ დავეყრდნოთ, სააკაშვილი ვერ ეგუება ციხის გარემოს და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის რაღაც სხვადასხვა პრობლემებია.
„არ იღებს, მაგალითად ფსიქოლოგის მომსახურებას. როგორც ვიცი, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ არ იღებს. როგორც ჩანს ეს მას სჭირდება უპირველეს ყოვლისა. ასევე, პენიტენციური სისტემის წარმომადგენელმა მედიკამენტებზე განაცხადა დასახელების გარეშე, რომელსაც არ იღებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მისი გულშემატკივრები ახლა დაკავებული იყვნენ იმით, რომ არწმუნებდნენ და მოუწოდებდნენ მას, რომ მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ყველა სამედიცინო სერვისი, რომელიც შეეთავაზება, მიიღოს. მთავარია არ დაიბნეს საზოგადოება, ერთი არის ჯანმრთელობის ნაწილი, მაგრამ აქ, აღრევა ხდება და ამაში საკითხის შერევა ხშირად ხდება, რომ ამით მოხდეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება და ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ დაუშვებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანის წინააღმდეგ სამართლიანი სასჯელია გამოტანილი, ეს სასჯელი უნდა აღსრულდეს.
რაც შეეხება ჯგუფ „ემპათიას“ და ამ ჯგუფის დაშვებას ციხეში, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მას პირადად, ამ ორგანიზაციის მიმართ თავისი დამოკიდებულება გააჩნია და ნდობა არ აქვს. ამის მაგალითად პაპუაშვილმა გიორგი შაქარაშვილის და თამარ ბაჩალეიშვილის საქმეები მოიყვანა, როდესაც მისი თქმით, ამ საქმეების მიმართ „ემპათიას“ ხელმძღვანელისგან საზოგადოება ისმენდა სიყალბეს.
„ე.წ. ყალბი საექსპერტო დასკვნებით საკითხი ისე შეფუთეს, რომ მღელვარება გამოეწვიათ. ასე რომ ამ ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის მიმართ მე პირადად არანაირი ნდობა არ მაქვს. სააკაშვილს ყურადღებას აქცევს პენიტენციური სამსახური, ასევე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი და ასე, უსაზღვრო ჯგუფები, რა თქმა უნდა ვერ შეიქმნება“,- აცხადებს პაპუაშვილი.
რაც შეეხება მედიასა და სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ისტერიის შექმნის მცდელობას სააკაშვილის გარშემო.
„ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს და ეს არის მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლიანი სასჯელის თავიდან არიდება. ასე რომ გასაგებია, ეს არის პიარი, რომელიც ამაზეა აწყობილი, ისტერია, რომელსაც საზოგადოებაში თესავენ“, - აცხადებს პაპუაშვილი.