პაატა ზაქარეიშვილი - საქართველოს პოლიტიკა არ არსებობს ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით, არ გააჩნიათ ხედვა და მინდობილნი არიან დინებას - რა შეიძლება გააკეთოს მკვდარმა ორგანიზმმა? - მკვდარი მკვდარია!

რა შეიძლება გააკეთოს მკვდარმა ორგანიზმმა, რომელიც საავადმყოფოში წევს და მორგში უნდა გაიყვანონ? - მკვდარი მკვდარია! - საქართველოს პოლიტიკა არ არსებობს ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით. არ გააჩნიათ ხედვა და მინდობილნი არიან დინებას, - ასე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რა შეიძლება საქართველოსთვის შეიცვალოს.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ქართული მხარის პოზიციაა „ჩვენ არაფერი უნდა ვაკეთოთ, უნდა ვიყოთ წამოწოლილი ლუარსაბ თათქარიძის ტახტზე და აფხაზები და ოსები მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, როგორ გვასიამოვნონ“.

„ქართველების საკრალური საკითხია, რომ ჩვენ არაფერს უნდა ვაკეთებდეთ და ყველა ჩვენს გარშემო იცვლებოდეს. ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესები ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს? - არც არაფერს! ამიტომ საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება. ჩვენ არ ვიმუშავებთ არავითარ სტრატეგიაზე, არავითარ ხედვაზე, არავითარ ცვლილებებზე, არავითარ წინადადებებზე. რატომღაც გვგონია, რომ ჩვენ არაფერი უნდა ვაკეთოთ, უნდა ვიყოთ წამოწოლილი ლუარსაბ თათქარიძის ტახტზე და აფხაზები და ოსები მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, როგორ ასიამოვნონ ქართველები. ამიტომ გამორიცხულია, საქართველოსთვის რამე სასიკეთო იყოს. ცვლილებები ცხინვალში ალბათ, იქნება, რადგან გაგლოევი მოვიდა არა თავისი მომხრეების მხარდაჭერით, არამედ ბიბილოვის წინააღმდეგ ხმებით. ხალხს არ უნდოდა ბიბილოვი, ოღონდ ის არ ყოფილიყო და ხმას ნებისმიერს აძლევდნენ, თუმცა, ისინი არ იცნობენ გაგლოევს. არჩევნებამდე იქ დებატები ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ლაპარაკი უჭირს, არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიციები და არც ისაა ცნობილი, რისი გამკეთებელია. ასევე აშკარად ჩანს, რომ ბიბილოვით უკმაყოფილო იყო ხალხი, ვინც წინა ხელისუფლების დროს მეტნაკლებად რუსულ ფულზე „იჯდა“ და კორუფციას ხრავდა. მას ებრძოდა ის ხალხი, ვინც მანამდე იყო ხელისუფლებაში, ახლა ისევ დაბრუნება უნდოდა და კორუფციის საკუთარ თავზე მორგება. ბიბილოვი მაინც ითვლებოდა ადამიანად, რომელიც ნაკლებს „ჭამდა“ რუსული ფულიდან, ის მაინც ცდილობდა, რომ რუსული ფული მეტად დაეხარჯა საზოგადოებაზე, ღარიბებისთვის მეტი პროექტები იყო განხორციელებული, ამიტომ საზოგადოებაში ითვლებოდა, რომ ბიბილოვი ღარიბი ხალხის პრეზიდენტი იყო და არა მდიდრების. როგორ მოახერხებს ამას გაუმკლავდეს გაგლოევი და ხომ არ ჩასრიალდება ისევ კორუფციის ორმოში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. თუ ის ისევ ჩაიძირა კორუფციაში, მაშინ გამოვა ისე, რომ მოხდა რევანში და მოვიდა ის ხალხი, რომელიც ბიბილოვის მომჭირნე კორუფციონერობით იყო უკმაყოფილო. გაგლოევმა საქართველოსთან მიმართებაში არაფერი თქვა. რეფერენდუმზეც აღნიშნა, რომ ეს რუსეთს უნდა შეუთანხმონ. იქ ყველა რუსეთის კაცია და რუსეთიდან წამოსულ დირექტივებს შეასრულებს. საქართველოზე იქ არავინ ფიქრობს, ამის ილუზია ნუ გვექნება. იქ ყველა ფიქრობს, როგორ მოერგონ რუსულ ინტერესებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე: რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა მხარემ ამ სიტუაციაში? - ზაქარეიშვილმა უპასუხა: „რა შეიძლება გააკეთოს მკვდარმა ორგანიზმმა, რომელიც საავადმყოფოში წევს და მორგში უნდა გაიყვანონ? - მკვდარი მკვდარია! - საქართველოს პოლიტიკა არ არსებობს ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით. არ გააჩნიათ ხედვა და მინდობილნი არიან დინებას“.

„არადა, უკრაინის ფონზე ჩვენ შეგვეძლო გაგვეცოცხლებინა თემა რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, მის მიერვე აღებული 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, ამაზე ხმას არ ვიღებთ. ჩვენ გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ არაფერს ვამბობთ. ჩვენ მეტად შეგვიძლია ევროკავშირი ჩავრთოთ სადამკვირვებლო მისიით და ვილაპარაკოთ ამ მისიის სამშვიდობო ძალების ფუნქციაზე, რათა აფხაზებს და ოსებს გავუქროთ განცდა, რომ საქართველომ შეიძლება რევანში განახორციელოს. და არ ვისაუბროთ იმაზე - „აბა, ომი გინდათ?“, „ომის პარტია“ მოდის და ა.შ. ჩვენ ახლა უფრო მნიშვნელოვან თემებზე საუბრის საშუალება მოგვეცა, ვიდრე გაგლოევის არჩევაა. თუმცა, არაფერს ვაკეთებთ. მიუხედავად ამისა, თუ „ქართულ ოცნებაში“ არის ხალხი, ვისაც კონტაქტები აქვს ცხინვალთან, წესით უნდა გავიდნენ ახლა გაგლოევზე და იკითხონ რას ელის ის თბილისიდან, რა უნდა ჩვენგან, რა არის მისთვის მისაღები და მიუღებელი? მე ვიცი რა სურს ოსურ მხარეს, მაგალითად ის, რომ აიღოს ქართულმა მხარემ საგუშაგო წნელისიდან, ჩვენი ინტერესებია გაიხსნას გამშვები პუნქტი ახალგორის მიმართულებით. თუ გაგლოევი ამას გააკეთებს, ე.ი. მას ესმის სიტუაცია და მზად არის გარკვეული ცვლილებისთვის. თუ ისიც არ გახსნის ამ გამშვებ პუნქტს, ე.ი. არც ქართული მხარე შესთავაზებს რამეს და არც ის არის მზად ცვლილებებისთვის. სამუშაო ძალიან ბევრია და რაც უფრო მეტხანს არ ვაკეთებთ რამეს, ეს სამუშაო გროვდება. არსებობს შანსები და საჭიროა ამის გამოყენება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისათვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 85%-ზე მეტი და ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ხმების 53.67%-ით ალან გაგლოევი ლიდერობს, ე.წ. „მოქმედ პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს კი „ამომრჩევლების“ 41.3%-მა დაუჭირა მხარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს