კარლ ჰარცელი - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის დღეს, საქართველოს გვერდით არის ევროპის გუნდი, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.

ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, ელჩი კარლ ჰარცელი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. მისივე თქმით, ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაგრძელდება და კვლავ ექნებათ „საქართველოს, როგორც მეგობრისა და პარტნიორის იმედი“.

„იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველეყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო.

თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება.

საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა - მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად, კოვიდ პანდემიისა და სხვა კრიზისების დროს, ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ.

კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი.

ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!”, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს