რატი ბრეგაძე - თუკი იქნება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები საქართველოში პენიტენციური დაწესებულების გარეთ - თუკი ვინმე ზრუნავს მასზე, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ

თუკი იქნება ამის საჭიროება, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები საქართველოში პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მას ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება უტარდება.

„ინფორმაცია [იმის შესახებ, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება] არის ტყუილი. ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. როდესაც ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოების მღელვარებას, რაც არის მავნებლობა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ 30 აპრილს იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვით მიმართა.

ბრეგაძის თქმით, კითხვები შეეხო სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის არასაჯარო ნაწილს.

„ეს იყო არა ჩემი ან რომელიმე იურისტის, არამედ ექიმების მიერ დასმული კითხვები, რაზეც, სამწუხაროდ, წერილობითი პასუხი არ მიგვიღია. ახლა ამ საკითხს გადაწყვეტენ ექიმები. სტრატეგია იყო შემდეგნაირი - გაგზავნილიყო წერილობითი კითხვები, რაზეც უნდა მიგვეღო წერილობითი პასუხი, თუმცა ის არ მიგვიღია. ნაცვლად ამისა, მივიღეთ შეთავაზება, რომ შედგეს შეხვედრა. ამას გადაწყვეტენ ექიმები და თუ ამის საჭიროება იქნება, ეს შეხვედრაც შედგება.

თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს ვართ ჩვენ. მინდა დავამშვიდო ყველა, რომ როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს კარგ მდგომარეობაში, ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იუსტიციის სამინისტრო ან სახელმწიფო უნდობლობას უცხადებს ექიმებს, არის ტყუილი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდობლობას ვუცხადებთ ექიმებს. ჩვენ დავსვით კითხვა, რომ თუ უნდა ეს სახალხო დამცველს, როგორც ამბობენ, მათ აქვთ წერილობითი თანხმობა მიხეილ სააკაშვილისგან და აქვე მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროვონ ის წერილობითი კითხვები, რომლითაც მივმართეთ ჩვენ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ.

ჩვენ ვმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის ჯანმრთელობა და მისი, როგორც მსრჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი კითხვები შეეხებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის არასაჯარო ნაწილს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა პროფილის ექიმები გამოკვლევას უტარებენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ლაბორატორიული ანალიზები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

„როგორც წინა შემთხვევებში, ის გადაყვანილი იყო ჯერ გლდანის მე-18 დაწესებულებაში, შემდეგ გორში და სულ ცოტა ხნის წინ "რესპუბლიკურში" იყო გადაყვანილი გამოკვლევებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, თუ საჭიროება დადასტურებული იქნება ობიექტური მონაცემების საფუძველზე, მას ჩაუტარდება ყველა სახის მკურნალობა, რასაც ის საჭიროება. მას ჰყავს მაღალკვალიფიციური, სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირებული მკურნალი ექიმები. ეს ექიმები ბევრ სხვა ადამიანსაც მკურნალობენ. ჩვენს პირდაპირ ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად და თუკი ვინმე ზრუნავს მასზე, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ.

ბუნებრივია, ქვეყნის ფარგლებში მას აუცილებლად ჩაუტარდება ყველა სახის მკურნალობა, ხაზგასმით ვამბობ, თუ იქნება ამის საჭიროება. მინდა, თქვენც, ყველას ვთხოვო, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ ცრუ დიაგნოზების გავრცელებისგან, როგორც იყო გუშინ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა