გია ხუხაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არც ანგელოზია და არც დემონი - ის ადამიანია, ინფარქტი რომ მოუვიდეს, სად წავლენ? ციხეში უნდა წავიდნენ

ხელისუფალს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აფერისტობს. მას აქვს წარმოდგენილი სტერეოტიპი, რომ სააკაშვილი არის ჩამოყალიბებული აფერისტი, სიმულანტი და სანამ არ მოკვდება, ვერ დაიჯერებს, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით „მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი თავისი ცოდვებით და მიღწევებით“.

„ის არც ანგელოზია და არც დემონი, როგორც ვიღაც გვიცხადებს. ხელისუფლება უნდა იყოს გარანტორი მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის. თუ ეს საქართველოში არის შესაძლებელი, აქ უნდა უზრუნველყონ და თუ არ არის შესაძლებელი, უნდა გააგზავნონ უცხოეთში. ეს ყველაფერი სპეციალისტებმა უნდა გვითხრან. ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არაფრით უნდა იმის დაჯერება, რომ მიშა წამსვლელია იმაზე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. მას [ბიძინა ივანიშვილს] აქვს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ მიშა არის მხდალი, ნაძირალა, აფერისტი და სიმულანტობს. ამაში ისე ღრმად არის დარწმუნებული, რომ მიშა რომც მოკვდეს, მაინც არ დაიჯერებს, აფერისტობსო, იტყვის. შეიძლება მართლა აფერისტობს, ექიმებმა უნდა თქვან. ისეთი ექიმი აღარ არსებობს საქართველოში, რომ „ქოციც“ ენდობა და „ნაციც“? ექიმებიც ორ საქართველოდ გავყავით? მაშინ ეს ქვეყანა რაღაცნაირად გეოგრაფიულად გავყოთ და 70% იყოს „ქოცების“ და 30% იყოს „ნაცების“.

სააკაშვილის თემა ქართულ სინამდვილეში 3 ნაწილად გავყოთ. ერთი არის პოლიტიკური, მეორე სამართლებრივი და მესამე არის ჰუმანიტარული. პოლიტიკური და სამართლებრივი უნდა ჩამოვაშოროთ მიხეილ სააკაშვილს, უკვე ამ ეტაპზე მივედით, რადგან სააკაშვილის თემა პოლიტიკურად მუდმივად დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის - ეს მუდმივად გახლეჩის, დაპირისპირების საგანია. სააკაშვილი დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს ისეთ ეგზისტენციალურ საფრთხეს „ქართული ოცნებისთვის“, პირიქით, რაღაცაში ეხმარება კიდეც „მგელი მოდის“ პრინციპიდან გამომდინარე. არც პოლიტიკური აქტივია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისეთი, რომ ამის გამო რაღაც მოხდეს. სამართლებრივს აზრი არ აქვს, რადგან ამ სასამართლოს პირობებში ჩვენ ვილაპარაკოთ რაღაც მართლმსაჯულების აღსრულებაზე ან სანდოობაზე, აზრი არ აქვს. მურუსიძის სასამართლოს ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ წევრებიც არ ენდობიან. ერთადერთი თემა დარჩა ჰუმანიტარული, რომელიც უნდა გადაწყდეს სპეციალისტების დონეზე. უნდა შედგეს ნდობით აღჭურვილი ჯგუფი, დავარქვათ კონსილიუმი, რომელსაც ენდობა ორივე მხარე. ჩაუტარდეს გამოკვლევა ამ კაცს, დინამიკაში შეხედონ, თუ რაზეა წამსვლელი, რა საფრთხეებს უკავშირდება ეს ყველაფერი და დადონ დასკვნა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის „სადისტური“.

„ის [მიხეილ სააკაშვილი] ადამიანია და პრობლემები რომ აქვს, ამას თვითონაც ხომ აღიარებენ? უცბად ინფარქტი რომ მოუვიდეს, მერე სად წავლენ? სერგეენკო და ხუნდაძე წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებენ. ნორმალური ხელისუფლება ასეთ ვითარებაში თვითონ უნდა მიდიოდეს. ადამიანი ამდენი ხანია ითხოვს დახმარებას, არ ეხმარებიან და ის კვდება. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ვინც არ უნდა იყოს, კაცის მკვლელიც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? მე არც ვიხილავ იმ სცენარს, რომ სააკაშვილმა შეიძლება ლეტალურად დაამთავროს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის ზონაა და ეს პასუხისმგებლობა იქნება არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გაჩნდება - ციხეში უნდა წავიდნენ. მიშას რომ რამე დაემართოს, იუსტიციის მინისტრი არის მკვლელობის თანამონაწილე. ხომ ამბობს, რომ არაფერი სჭირს?

სადიზმზე როდესაც ვსაუბრობ, ვამბობ ამ წარმოუდგენელ დამოკიდებულებაზე - ადამიანი რაც არ უნდა ნაძირალა და შენი მტერი იყოს, ციხეშია და გთხოვს, შემოდი და მნახეო. ამას რომ არ აკეთებ, ეს წარმოუდგენელი რამ არის. რატომ არ შედის სანახავად? ბიძინას ნებართვას ელოდება? როდესაც ადამიანი და ექიმი პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს ავადმყოფის თხოვნაში „მოდი და მომინახულე“, ის არც ექიმად ვარგა და არც პოლიტიკოსად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს