ზურაბ ბატიაშვილი - პუტინს დღეს არ უსაუბრია მობილიზაციაზე, მას ეშინია მობილიზაციის, რომ მერე იარაღს მას შემოუტრიალებენ - ასევე სიგიჟეების ძახილი, „ბირთვული იარაღი გვაქვს“, შეწყდა

პუტინს არ აწყობს, რომ რუსეთში მილიონობით ადამიანს ახლა იარაღი დაურიგდეს, რომელიც კაცმა არ იცის, როდის შეუტრიალდება მას, შეიძლება ძალიან მალე შეუტრიალდეს - 1917 წელსაც რევოლუცია სწორედ ასე მოხდა, ძალით გაყვანილი ხალხის მხრიდან, რომელმაც ეს იარაღი იმპერატორის წინააღმდეგ შემოატრიალა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლის შესახებ საუბრისას ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ პუტინმა არ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მოლოდინი რეალურად არსებობდა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აღარ საუბრობს, რაც დასავლეთის მუქარის შედეგად მოხდა. ბატიაშვილის შეფასებით, დასავლეთმა გააფრთხილა, რომ ამ შემთხვევაში ბირთვული თავდასხმის ობიექტი უშუალოდ პუტინი გახდება.

„პუტინმა ისაუბრა ჩვეულებრივ, რაც რუსეთის ტელევიზიაში გადის, ამაში საყურადღებო არაფერია, გარდა იმისა, რომ გაიმეორა თავისი თეზისები, წიაღსვლები და თავისებური ხედვა. აქ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაზეც მოლოდინი იყო, მაგრამ არ უსაუბრია. აქედან ჩვენ რაღაც დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ; მას არ უსაუბრია მობილიზაციაზე, მას ეშინია მობილიზაციის. თუ არ დაემორჩილა, მერე იარაღს შემოუტრიალებენ მას. პუტინს არ აწყობს, რომ რუსეთში მილიონობით ადამიანს ახლა იარაღი დაურიგოს, რომელიც კაცმა არ იცის, როდის შეუტრიალდება მას, შეიძლება ძალიან მალე შეუტრიალდეს, განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდებს დაურიგებს. არა იმ თაობას, რომელიც საბჭოთა სიშლეგებისთვის მზად არის, რომ სხვების სიცოცხლე გაიწიროს, არამედ იმას, ვისაც უშუალოდ დაავალებენ, რომ წავიდეს იქ საბრძოლველად. 1917 წელსაც რევოლუცია სწორედ ასე მოხდა, ძალით გაყვანილი ხალხის მხრიდან, რომელმაც ეს იარაღი შემოატრიალა იმპერატორის წინააღმდეგ. ახლა მსგავსი სიტუაციის შექმნა არ უნდა. თუმცა, მას მაინც მოუწევს ეს; მასობრივი არა, მაგრამ ნაწილობრივი, ფარული მობილიზაცია მას მოუწევს. აშკარად, 100 ათასი კაცი ბრძოლის ველს გამოაკლდა, ახლა ეს როგორმე უნდა შეავსოს და ამას სხვადასხვა მეთოდებით შეეცდება, უახლოეს ხანში დავინახავთ. ამ მომენტისთვის თვეებზე ვსაუბრობთ, წლები ვერ გაგრძელდება, რადგან ეს რეჟიმი ვეღარ გაუძლებს, მათ შორის წამოეწევა ეკონომიკური სანქციებიც.

მეორე თემა, რაზეც არ უსაუბრია და ძალიან მნიშვნელოვანია, - აღარ აკეთებს აქცენტს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. დასავლეთიდან მიანიშნეს, რომ როგორც კი პუტინი თუნდაც ტაქტიკური, რაიმე სახის ბირთვულ იარაღს უკრაინაში გამოიყენებს, უშუალოდ, პირადად მასზე მოხდება ბირთვული თავდასხმა. ეს მიაწოდეს ბრიტანელებმა და ამერიკელებმა, ნატოსგან დამოუკიდებლად და ამის შემდეგ სიგიჟეების ძახილი, რომ „ჩვენ ბირთვული იარაღი გვაქვს“ შეწყდა“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა