კახა კალაძე - იმედი მაქვს, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სრულად აღმოფხვრას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს, რომლებიც სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს.

როგორც მან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციაზე აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სრულად აღმოფხრა საერთო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებაა, იცხოვროს ღირსეულად ისეთ გარემოში, სადაც ხდება რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარი განაწილება, ქალისა და მამაკაცის თანაბარი განვითარება. ძლიერია საზოგადოება, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით, ერთნაირი რესურსებით, ერთნაირი შესაძლებლობებით სარგებლობენ. მოგეხსენებათ, 2017 წლიდან დღემდე, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრის მიზნით, რაც პოზიტიურად აისახა არა მხოლოდ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში, რაც მთავარია, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ საქმიანობაში. აღნიშნული ცვლილებები, ასევე მოიცავს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ რჩება პრობლემები, რომლებიც სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია ქალთა გაძლიერება ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნის გზით“, -განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია -„ათეასთვის“ გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„სწორედ ამ მიზნით შევქმენით გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რათა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე თავად მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად.

2020 წლის დასაწყისში, ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ბოლო ორი წლის მანძილზე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა „ათეას“ გენდერული თანასწორობის პლატფორმა, საქმიანობის რეგულირების დოკუმენტებში ინტეგრირდა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპები, შემუშავდა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების სახელმძღვანელოები მუნიციპალიტეტებისთვის. „ათეა“ მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია ევროპის საბჭოს კონგრესთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე კოორდინირებულ თანამშრომლობას მოიაზრებს. თანასწორობის პრინციპებზე თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ასევე მოეწერა საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცისთანაც. ხოლო დღეს, კიდევ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი თანაშრომლობის ხელმოწერის ცერემონიაა დაგეგმილი, რომელთაგან ერთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და მეორე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან გაფორმდება. იმედი მაქვს, საერთო ძალისხმევით შევძლებთ საზოგადოების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, შესაძლებლობების თანაბრად გადანაწილებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სრულად აღმოფხვრას“,-განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს