საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება, პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ესწრება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულია.

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც დაცვა სასამართლოსგან ითხოვს დაავალოს პენიტენციურ სამსახურს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვებულ იქნას ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო ექსპერტიზა. როგორც სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის მხარემ სამედიცინო ექსპერტიზა ორჯერ დანიშნა გასულ წელს, თუმცა “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფს ამ დრომდე არ მიეცა შესაძლებლობა შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩაატაროს ექსპერტიზა. ადვოკატმა სხდომაზე ექსპერტიზის დანიშვნის ოქმიც წარმოადგინა. ამავდროულად აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე, როგორც პროკურორმა აღნიშნა, პროკურატურა ამ საკითხის გადაწყვეტას სასამართლოს მიანდობს.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომაზე დაცვის მხარეს მიმართა, რომ მათ მიერ დასახელებული ექსპერტთა ჯგუფიდან ერთ-ერთის შესაბამის პოზიციას სასამართლო მოისმენს და ამის მერე მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზის დაშვება-არდაშვებაზე.

გარდა ამისა, სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ მოსამართლეს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართონ, რომელიც გასვლითი სხდომის ჩატარებას ეხება.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა