ყველაფერი პერსონალურად არ უნდა მიიღოს არც ივანიშვილმა და არც ღარიბაშვილმა - არ გამოვრიცხავ ხვალ ისევ გაჩნდეს ინფორმაცია, რომ რაღაც არასწორი ხდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, ეს არ იყოს სახელისუფლებო წახალისებით და ხელისუფლებამ დროულად აღკვეთოს, თუ რაიმე ასეთს აქვს ადგილი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ბრიტანეთის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მოხარული იქნება, თუ საქართველოს მიმართ „რაიმე ჩრდილი და კითხვა აღარ იქნება“.
„ჩვენი ქვეყანა მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. როცა კითხვები ჩნდება, ყველაფერი პერსონალურად არ უნდა მიიღოს არც ივანიშვილმა და არც ღარიბაშვილმა. კრიმინალური სამყარო მოქმედებს, ომის პერიოდში კრიმინალური დაჯგუფებები აქტიურდებიან, მათ შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის გავლითაც დაგეგმონ რაღაც და თითოეული ასეთი ინფორმაცია ჩვენმა მთავრობამ შეურაცხყოფად კი არ უნდა მიიღოს, არამედ გამოიკვლიოს ფაქტი, შესაბამის ქვეყნებს და მათ უწყებებს მიმართოს თანამშრომლობისთვის და ეს არ უნდა გახდეს სკანდალი. მე არ გამოვრიცხავ ხვალ ისევ გაჩნდეს ინფორმაცია, რომ რაღაც არასწორი ხდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს არ იყოს სახელისუფლებო წახალისებით და ხელისუფლებამ დროულად აღკვეთის, თუ რაიმე ასეთი ხდება. ეს უნდა იყოს მშვიდ, მუშა ვითარებაში, სკანდალების გარეშე და პერსონალურ შეურაცხყოფად მიღების გარეშე,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისათვის, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, მათ არ აქვთ.