გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი - საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდი ეჭვებით უყურებენ

„ქართულ ოცნებას“ აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი; საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდი ეჭვებით უყურებენ; ასევე, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არ ხდება ვაშინგტონში და ეს ჩვენი თემა საერთოდ გამქრალია განხილვებიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა აქვს არჩევანი გასაკეთებელი - დგას ცივილიზებული სამყაროს მხარეს, თუ არის რუსეთისკენ, „რომელიც ამ სამყაროს ნაწილს მოუსავლეთში მიექაჩება“.

„ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და უმაღლეს დონეზე შეხვედრები გავმართეთ სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა ანალიტიკურ წრეებთან, რომლებიც მუშაობენ ჩვენს რეგიონზე და მინდა გაგიზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილება. პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით და ის დაგვიჭერს მხარს როგორც უსაფრთხოების, ასევე მშვიდობიანი განვითარების კუთხით, მაგრამ სამი მთავარი დასკვნა მინდა გაგიზიაროთ ამ შეხვედრებიდან. პირველი - „ქართულ ოცნებას“ აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი - 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. მეორე - საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორები უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ეჭვებით უყურებენ. სამწუხაროდ, ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და კითხვებს აჩენს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. მესამე - საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არ ხდება ვაშინგტონში; „ქართული ოცნება“ საერთოდ გამქრალია იქიდან, საქართველოს თემა საერთოდ გამქრალია განხილვებიდან. კითხვას ვსვამ - როდის იყო ბოლოს უმაღლეს დონეზე დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში? როდის მოახდინეთ თქვენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა იქ?“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებისას დააყენეს საკითხი საქართველოსთვის მეტი დახმარების გამოყოფის კუთხით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ასევე საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის მიცემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, ქართული დელეგაციის წევრებმა დააყენეს საკითხი ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. ასევე, ისაუბრეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწყებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ საკითხებს ვაყენებთ ოპოზიცია, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ უნდა ჩადიოდეს ამ საკითხებით აშშ-ში. დღეს თანამედროვე სამყაროში ერთი დიდი კედელია აშენებული, ერთ მხარეს არის ცივილიზებული სამყარო უკრაინასთან ერთად, უკრაინის გვერდით იბრძვის და მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც ამ სამყაროს ნაწილს მოუსავლეთში მიექაჩება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. თქვენი პოლიტიკიდან გამომდინარე დიდი საფრთხეა იმის, რომ ჩვენ კედლის მიღმა აღმოვჩნდეთ. ამას არ დავუშვებთ და აქ ერთიანები უნდა ვიყოთ. დღეს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა, წინსვლა და „ქართული ოცნების“ ეჭვების პოლიტიკამ არ უნდა დააზიანოს ჩვენი სტრატეგიული განვითარების გზა. ამერიკა და დასავლეთი არის ჩვენს გვერდით, დადგა დრო ჩვენ ვაჩვენოთ ჩვენი რეალური არჩევანი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო