ირაკლი კობახიძე - როცა შვეიცარიული ბანკი ერთი თვით აფერხებს  გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს - ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და ეს კითხვები ლეგიტიმურია

როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. რაც შეეხება კითხვას, რამდენად ეთანხმება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც შვეიცარიული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას ხედავს, კობახიძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ კოორდინაციის შესახებ კითხვები ლოგიკურია.

„მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. ჩვენთვის გასაკვირი იყო რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო კოორდინაცია მაღალი ხარისხით - გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იყო აუხსნელი, ალოგიკური და კოორდინაცია ბუნებრივია, ჩანდა. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი და ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი და იცით, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს...

რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ. იმედია, საბოლოო ჯამში, ყველაფერს მოეფინება ნათელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა თქმა უნდა, თუ ვის სურს საქართველო ომში ჩაერთოს და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი. დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. რაც დღემდე ვიცოდით, „ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს, ამას არც მალავენ დაწყებული საკუთარი გარე ექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილით და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე, მათ ომი სურთ და ისინი არიან ომის პარტია. ყველამ კარგად ვიცით, უკრაინის მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმით. რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვიტყვი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს, „ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

„არ ვიცი, ამის მიზეზი რა უნდა იყოს, თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია და თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს. ვფიქრობ, ის ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც მან გამოავლინა,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა.

მისივე თქმით, როგორც ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს განცხადებების გაკეთებას საერთაშორისო მედიასთან, ამიტომ მის განცხადებას დაელოდება.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან მიმდინარე დავა მოიგო. გამოცემა Finantial Times-ი წერდა, რომ Credit Suisse-ს ივანიშვილისათვის 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებდა.

9 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადების თანახმად, სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად.

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი არა აქვთ და რამე სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მიერ წამოწყებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი განყოფილებების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს და 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სარჩელები. სინგაპურის სასამართლო დავა კი 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

პიარ კომპანიის განცხადების თანახმად, ივანიშვილის მიზანია საკითხზე საზოგადოების სათანადო ინფორმირება და უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიის მოწყობას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს ექვსი წელი ედავებოდა და ბანკს ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა.

ივანიშვილის ბანკირი პატრიკ ლესკადრონი იყო, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა. მას თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა, თუმცა Credit Suisse-ი აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა