თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ჯერ ატყვევებენ, შემდეგ აწამებენ და სიკვდილამდე მიჰყავთ?

შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ჯერ ატყვევებენ, შემდეგ აწამებენ და სიკვდილამდე მიჰყავთ? ისტორიას არ გაახსენდება თითოეული აქ მსხდომის სახელი და გვარი, მაგრამ ისტორია ყველას, ქვეყნის ინტერესის მოღალატედ შერაცხავს, თუ ეს დაუშვით, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს.

ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის ჯა„ნმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში, რამდენიმე დღის წინ ვიზიტისას, მან თვალებში სიკვდილს ჩახედა.

„პირველად 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე აქ მსხდომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოგმართოთ არა როგორც პოლიტიკოსებს, არა როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც იმედი მაქვს გააზრებული აქვთ საქართველოს უახლესი ისტორია და ესმით, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის მომავლის წართმევას, ნიშნავს კვლავ წარსულში დაბრუნებას და ქვეყნის ქაოსში გახვევას, ეს ნიშნავს ჩვენი შვილებისთვის მწარე რეალობის დაბრუნებას, რომელიც 90-იან წლებში გამოვიარეთ, ეს ნიშნავს ევროკავშირზე უარს. შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ჯერ ატყვევებენ, შემდეგ აწამებენ და სიკვდილამდე მიჰყავთ? ისტორიას არ გაახსენდება თითოეული აქ მსხდომის სახელი და გვარი, მაგრამ ისტორია ყველას, ქვეყნის ინტერესის მოღალატედ შერაცხავს, თუ ეს დაუშვით. მოგმართავთ, როგორც ადამიანებს, ვისთვისაც მინდა დავიჯერო, რომ ღირებულია ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა განსაკუთრებით პარლამენტის იმ წევრებს მიმართა, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს და აღნიშნა, რომ თუ მათ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ, სააკაშვილი თავად მოინახულონ და დასკვნებიც გააკეთონ.

„მოგმართავთ განსაკუთრებით პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც ექიმები ხართ - თქვენ თხოვნით მოგმართათ მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის მიმართა ბატონ დავით სერგეენკოს და გთხოვათ მისი მონახულება პირობით, რომ მიგიღებთ როგორ ექიმებს და არა როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს. განა, ადამიანური მორალი და პროფესიული ეთიკა არ გავალდებულებთ მოინახულოთ პაციენტი, რომელიც დახმარებას ითხოვს? განა რა პოლიტიკური ფასი, პარტიული დისციპლინა, რა შეიძლება დადგეს ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა? განსაკუთრებით მათთვის, ვინც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პროფესიად აირჩია და ჰიპოკრატეს ფიცი დადო. მე არ ვარ ექიმი, არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ შემიძლია გადმოგცეთ ის, რაც რუსთავის საპყრობილეში რამდენიმე დღის წინ ვნახე. მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ვიზიტისას სიკვდილს ჩავხედე თვალებში და არ შემიძლია ეს არ გადმოგცეთ. მაგრამ თუ ჩემი მონაყოლის არ გჯერათ, თუ არ არის სარწმუნო ჩემი სიტყვები, თუ არ არის სარწმუნო სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ჯგუფის სიტყვები, თავად მოინახულეთ, თავად დარწმუნდით, თავად განსაჯეთ და თავად გაარჩიეთ ტყუილ-მართალი.

მიუხედავად იმ პოლიტიკური უფსკრულისა, რომელიც ჩვენს შორისაა და დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის გმირი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას „ვიგინდარებად“ მოიხსენიებთ და მთავარ პოლიტიკურ გათვლას რუსეთის და არა უკრაინის გამარჯვებაზე აკეთებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი წარსული და ჩვენ ქვეყანას მხოლოდ ერთი მომავალი ექნება. ნუ დაუშვებთ, რომ ეს მომავალი მოიცვას სიკვდილმა, დესტაბილიზაციამ და წარსულის განმეორების ყველაზე ბნელმა ვერსიამ. ვიმუშაოთ მომავლისთვის და არ ვივიშვიშოთ წარსულზე, ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა