მიხეილ დაუშვილი უმრავლესობას - რა შეტყობინებას უგზავნით ევროკავშირს? თქვენი შეტყობინებაა ის, რომ უკვე მერამდენე კანონს ირგებთ საკუთარ თავზე, რომ მოქალაქეები არ გაინტერესებთ და  საკრებულოს ფუნქციონირებას უბლოკავთ

დღეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ვართ, თქვენ რა შეტყობინებას უგზავნით ევროკავშირს? თქვენი შეტყობინებაა ის, რომ უკვე მერამდენე კანონს ირგებთ საკუთარ თავზე, რომ მოქალაქეები არ გაინტერესებთ და საკრებულოს ფუნქციონირებას უბლოკავთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს ნაცვლად ცესკოს მიერ მოხდება.

„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო თქვენს ძალიან ცუდ და მძიმე ინიციატივაზე, რომელიც კანონპროექტის სახით რამდენიმე დღის წინ დაინიცირდა საკანონმდებლო ორგანოში. ყველას გვახსოვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა მოქალაქეებმა არაერთ, მათ შორის საკვანძო მუნიციპალიტეტში „ოცნებას“ უთხრეს უარი ერთპიროვნულ მმართველობაზე. ამიტომ ძალაუფლება უნდა განაწილდეს ჩვენი მოქალაქეების ნებისა და არჩევანის შესაბამისად.

თუმცა, ამის სანაცვლოდ, ევროინტეგრაციის პროცესების პარალელურად და იმის მაგივრად, რომ თქვენ დაკავებული იყოთ დემოკრატიზაციით და რეფორმებზე ფიქრობდეთ, ვერ ეგუებით ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვას, „პროცედურული ომი“, როგორც ამას თქვენი პარტია უწოდებს, გამოუცხადეთ თქვენს მოქალაქეებს.

სწორედ ამასთან დაკავშირებით გახსენებთ, რომ ოცნების „პროცედურული ომი“ და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია ჯერ კიდევ გრძელდება სენაკის საკრებულოსთან დაკავშირებით, რომელსაც“ოცნება“ არ აძლევს საშუალებას გახდეს ფუნქციონირებადი და იმუშაოს ადგილობრივი მაცხოვრებელთა პრობლემების გადაჭრისთვის, მერიის კონტროლისთვის. უფრო მეტიც, ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნების მერე, ფუნქციონირების საკითხიდან გამომდინარე, აპირებთ კანონმდებლობა მოირგოთ საკუთარ თავზე. რაც 2012 წლამდე არ მოგვწონდა ერთი ერთში ზუსტად იმას აკეთებთ, არანაირი განსხვავება არ არის. კონკრეტულ კანონს იღებთ და ცვლით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ: ნაცვლად იმისა, რომ ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა მოახდინოს თავად საკრებულომ, უფლებამოსილების ცნობის უფლებას ანიჭებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რაც შინაარსობრივად არასწორია. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ღიადაც მოგმართეთ და პირდაპირ განვაცხადეთ, რომ დაასრულეთ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბლოკირება და მზად ვართ ამის სანაცვლოდ ბათუმის საკრებულოში უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დავუჭიროთ, რადგან არავის ინტერესში არ არის რომელიმე საკრებულოების ფუნქციონირების ბლოკირება. პირიქით - ჩვენი ინიციატივაა საკრებულოს მუშაობა მოქალაქეების საჭიროებებზე. ამის ნაცვლად თქვენ, „ოცნება“ აგრძელებთ სენაკის საკრებულოს ბლოკირებას და ბათუმის საკრებულოს მიზნებისთვის, კანონს ირგებთ საკუთარ თავზე.

კიდევ ერთხელ, ეს საკითხი იცით რატომ არის მნიშვნელოვანი?! დღეს რომ ევროინტეგრაციის პროცესში ვართ, თქვენ რა შეტყობინებას უგზავნით ევროკავშირს? თქვენი შეტყობინებაა ის, რომ უკვე მერამდენედ კანონს ირგებთ საკუთარ თავზე, შეტყობინებაა ის, რომ თქვენ თქვენი მოქალაქეები არ გაინტერესებთ და საკრებულოს ფუნქციონირებას უბლოკავთ. შეტყობინებაა ის, რომ საკრებულოს მუნიციპალიტეტის წევრი გელა აბულაძე ტყვედ გყავთ აყვანილი", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა