პეტრე ცისკარიშვილი - კობახიძემ გაახმოვანა, რომ უკრაინა და აშშ ითრევენ ივანიშვილს პოლიტიკაში, იმისათვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი და დაიწყოს ომი - არა რომელიმე პარტია, ივანიშვილი ყოფილა მთავარი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს

ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი მოქმედი პირი და მთავარი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხება კითხვებს აჩენს და ამაში გარკვეულ კოორდინაციას ხედავენ.

ცისკარიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ აშშ და უკრაინა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ.

„კობახიძემ დღეს გაახმოვანა, რომ უკრაინა, აშშ, (მოგეხსენებათ, ესენი ყველანი „ნაციონალები“ არიან მათი გაგებით), ითრევენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში და ამას აკეთებენ იმისათვის, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი და დაიწყოს ომი. ანუ სინამდვილეში, არა რომელიმე პარტია, რომელსაც აბსურდულად უყენებენ ბრალს მთელი ორი თვის განმავლობაში, ომის პარტიას ეძახიან ჩვენს პარტიას, არამედ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი მოქმედი პირი და მთავარი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე განცხადებებს არ აკეთებენ, ხოლო როგორც კი ბიძინა ივანიშვილს შეეხო საკითხი, „მოთქვამენ და ტირიან“.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, რა აღარ გადახდა ჩვენს ქვეყანას ან თუნდაც გლობალური მასშტაბით მთელს მსოფლიოს თავს. დაწყებული კოვიდ-პანდემიით, გაგრძელებული ეკონომიკური კრიზისით და დასრულებული ბოლო მოვლენებით, როდესაც რუსეთი შეიჭრა და დღემდე ცდილობს უკრაინის დაპყრობას. კოვიდ პანდემიის დროს 17 ათასი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა, ეკონომიკა ჩავარდა უმძიმეს კოლაფსში და კრიზისში, ჩვენი თანამემამულეები იბრძვიან უკრაინაში საკუთარი სამშობლოს დასაცავად უკრაინელი ხალხის მხარდამხარ და თავისი მკერდით იცავენ უკრაინულ მიწასაც. არცერთ ამ საკითხზე, არც შედარებით მცირე მასშტაბის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, ბიძინა ივანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ის საერთოდ არ თვლის საჭიროდ და არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად ქართული საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე, რომ გამოვიდეს და ისაუბროს რას გეგმავს, საით მიდის ქვეყანა, რას აპირებს ის ან მისი რუსული „ოცნება“? ის ყველას ატყუებს თითქოს პოლიტიკაში არ არის, პოლიტიკაში არ ერევა და გვერდზე არის გამდგარი როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური პირი. მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა დაუდგა მის პირად კაპიტალს, მის პირად ფულს, ნახევარ მილიარდ დოლარს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ცნობილ შვეიცარიულ ბანკში, მხოლოდ მაშინ გამოდგნენ დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაქირავებული ექსპერტები და მოთქვამენ, ტირიან, რა ხდება, რატომ აჩერებენ თუ უფერხებენ ტრანზაქციებს ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო