DRI ულტრა-მემარჯვენე ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორებისა და მედია საშუალებების დისკურსზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI ულტრა-მემარჯვენე ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორებისა და მედია საშუალებების დისკურსზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, ღიად პრორუსული და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი მედია პლატფორმები და პოლიტიკური აქტორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება უკრაინის ხელისუფლების პროვოცირებულია, დასავლური ძალების წაქეზებით.

„DRI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში წარმოადგენს სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგს, რომელშიც გაანალიზებულია 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ულტრამემარჯვენე მედია საშუალებების და ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორების გზავნილები და მანიპულაციური დისკურსის ძირითადი ტენდენციები.

ღიად პრორუსული და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი მედია პლატფორმები და პოლიტიკური აქტორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება უკრაინის ხელისუფლების პროვოცირებულია, დასავლური ძალების წაქეზებით.

კრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანიის მთავარი პლატფორმა საქართველოში „ალტ-ინფოა“, რომელიც საგანგებო ეთერით აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომს. საანგარიშო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა „ქართული ოცნებისა“ და „ალტ-ინფოს“ ერთმანეთის მსგავსი განცხადებები, როდესაც საქმე უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას ეხება. „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არ შეერთების გამო. „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც მედიაში მისი და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის აუდიო-ჩანაწერები გავრცელდა. „ალტ-ინფოს“ გუნდი ამ ინფორმაციას მიესალმა და რუსეთთან სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება მოითხოვა.

საანგარიშო პერიოდში „ალტ-ინფოს“ წამყვანები, რომლებიც ამავე დროს ღიად პროკრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები არიან, აქტიურად აკეთებდნენ რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს, ახდენდნენ კრემლის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ნორმალიზაციას და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ 2022 წლის 24 მარტს საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს“ საქმიანობაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, თვალშისაცემია საქართველოში ღიად პრორუსული და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი პოლიტიკური ძალების გააქტიურება რუსეთთან ურთიერთთანამშრომლობის „გაღრმავების“ მიმართულებით.

2022 წლის 4 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ, პოლიტიკური პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს რუსეთში ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან. „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა რუსეთის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზეც. საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დავით თარხან-მოურავმა რუს კოლეგებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა რუსეთ-საქართველოს ორმხრივი, მომგებიანი კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, ვლადიმერ ჯაბანოვმა განაცხადა - „ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა“. აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია „პატრიოტთა ალიანსს“.

მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ასევე იმყოფებოდა ღიად პრორუსული „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. მან 24 მარტს, მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების მიერ დაარსებული „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდისა“ და მასთან დაკავშირებული „პრიმაკოვის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრას უხელმძღვანელა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა