„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წელს, საქართველოში, სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 30% ცხოვრობდა, დღეის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 20%-მდე შემცირდა.
კობახიძის თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა 800 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა.
„2012 წელს საქართველოში სიღარიბე 30% იყო, კოვიდამდე, თუ არ ვცდები, 18.5%-მდე ჩამოვიდა, შემდეგ, სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო გაიზარდა, შემდეგ ისევ ჩამოვიდა. ახლა დაახლოებით, 20%-ის ფარგლებში უნდა იყოს. ანუ, 30%-დან 20%-მდე ჩამოვიდა. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები.
„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 1 150 000 ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი კვლავაც ძალიან მაღალია, მაგრამ დაახლოებით, 800 000 არის. ანუ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა სადღაც 350 ათასით შემცირდა. თუმცა, 800 000 ბუნებრივია, ძალიან ბევრია და ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა. შესაბამისად, მთელი ძალისხმევა ამ პრობლემის მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული,“ - განაცხადა კობახიძემ.