მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტების შეშვებას ეხებოდა, გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისისთვის გადადო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტების შეშვებას ეხებოდა, გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისისთვის გადადო.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ის პენიტენციურ დაწესებულებას დამატებით მიმართავს წერილით, თუ რატომ ეთქვათ ექსპერტებს სააკაშვილთან შესვლაზე უარი და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

აღნიშნულს დაცვის მხარის უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება სასაცილოა.

„რომელი მუხლით ხელმძღვანელობთ, საბავშვო ბაღია“? - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ყოფილ პრეზიდენტთან ექსპერტების შეშვების თაობაზე შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სასამართლო პროცესზე დააყენეს, სადაც სხდომა სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობდა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა, პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილთან ექსპერტებს ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე არ უშვებს, რის გამოც, მათ ექსპერტიზის ჩატარების საშუალება არ ეძლევათ.

„იმის გამო, რომ პენიტენციური დაწესებულება არ ასრულებს მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობას, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“-ს ექსპერტებს არ მიუწვდებათ ხელი გამოსაკვლევ პირთან, ხოლო დაცვის მხარე, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების გამო, მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და თვითონ წარუდგინოს გამოსაკვლევი პირი ექსპერტებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, გთხოვთ, დაავალოთ პენიტენციურ დაწესებულებას ცენტრ "ემპათიას" დაშვება მიხეილ სააკაშვილთან",- განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატებს სასამართლოში "ემპათიას" ექსპერტი, მარიამ ჯიშკარიანიც ჰყავდათ წარმოდგენილი, რომელმაც სასამართლოში პოზიცია დააფიქსირა და განმარტა, რომ "პენიტენციური დაწესებულება კანონმდებლობას არღვევს, როცა მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტებს არ უშვებენ".

ბრალდების მხარის განმარტებით, გადაწყვეტილებას სრულად მიანდობს სასამართლოს და ისინი აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეწინააღმდეგებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო