ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი გაიმართა.
მათივე ცნობით, სამეცნიერო კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
„წელს მარიამ ლორთქიფანიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა. დღეს რიგით მეორე კითხვანი გაიმართა და სპეციალისტების, ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების მიერ ბევრი საინტერესო მოხსენება იყო წარმოდგენილი. ტრადიციული კონფერენცია გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა და კარგია, რომ ეს ტრადიცია მარიამ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად გრძელდება,“- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ნანა გაფრინდაშვილის თქმით, მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
„უნივერსიტეტი ამ კონფერენციით ცნობილ პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოსს, ისტორიკოსს და მრავალი თაობის აღმზრდელს მარიამ ლორთქიფანიძეს პატივს მიაგებს. მისი სახელი ჩვენი უნივერსიტეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მისმა მოღვაწეობამ უნივერსიტეტის განვითარების საქმეში დიდი როლი შეასრულა. მისი სახელი მისი მოსწავლეებითა და უნიკალური სამეცნიერო ნაშრომებით უკვდავყოფილია,“- განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.
2012 წელს, მარიკა ლორთქიფანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად პირადი ბიბლიოთეკა - ისტორიკოსის წიგნების კოლექცია გადასცა, რომელიც 4 310 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, კოლექცია ძირითადად საისტორიო შინაარსის ლიტერატურისგან შედგება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.
„თსუ ბიბლიოთეკა განსაკუთრებით მადლიერია მარიამ ლორთქიფანიძისა, რადგან მან საკუთარი წიგნადი ფონდი სიცოცხლეშივე გადმოგვცა. ბუნებრივია, მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. ამ თარიღს თსუ ბიბლიოთეკაც ეხმიანება და ტრადიციას აგრძელებს, სამეცნიერო კონფერენციას მართავს. ღონისძიებაზე მკვლევრები ქართველოლოგიის სფეროში მომზადებული სხვადასხვა ნაშრომს წარმოადგენენ,“- განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.
მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 321-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელსაც 2018 წელს მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.