მამუკა გამყრელიძე - დასავლეთის ლიდერები პუტინის რუსეთთან უფრო გამბედავები უნდა იყვნენ - სიტუაცია მეორე მსოფლიო ომამდელი ევროპელი ლიდერების „წაყრუების“ პოლიტიკას არ უნდა დაემსგავსოს

უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის და რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ფონზე, რომელიც თავისი არაადამიანურობით მეორე მსოფლიო ომსაც კი აჭარბებს, ევროპელი ლიდერებისგან რუსეთის მიმართ კვლავაც ფრთხილი გამონათქვამები გაისმის - ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის უცნაური განცხადება, რომ ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავალი ვერ გახდება და ეს როლი უმჯობესია გაერომ შეასრულოს, შექმნილ მძიმე სიტუაციაში ერთგვარი პასუხისმგებლობის არიდებაა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიტუაცია გასული საუკუნის 30-იანი წლების მდგომარეობას ჰგავს, როდესაც მაშინდელმა ლიდერებმა ჰიტლერის პოლიტიკის წინააღმდეგ დროული და მკაცრი ზომები არ მიიღეს, რამაც ჰიტლერი მსოფლიო ბოროტებად აქცია.

„ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში გაუგებარია არგუმენტი, რომ „რუსეთი ამას არ მიიღებს“. დღეს რუსეთი იმ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ პირობების წაყენება შეეძლოს, მითუმეტეს, რომ აქამდე რუსეთი ევროკავშირს უკრაინასთან შუამავლად აღიქვამდა.

გაუგებარია აქცენტის თურქეთზე და მითუმეტეს, გაეროზე გადატანა, როცა ბოლო წლებში გაეროს ელასტიური და უმოქმედო პოზიცია აშკარად ჩანს. ამისი მაგალითია, რამდენიმე დღის წინანდელი ფაქტი, როცა გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციაში სიტყვა „ომის“ გამოყენება ვერ გაბედა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განცხადებაში სიტყვა „დავა“ ჩაწერა.

ეს სიტუაცია გასული საუკუნის 30-იანი წლების მდგომარეობას ჰგავს, რაც ევროპაში და მსოფლიოში იყო, როდესაც მაშინდელმა ლიდერებმა ჰიტლერის პოლიტიკის წინააღმდეგ დროული და მკაცრი ზომები არ მიიღეს, რამაც ჰიტლერი მსოფლიო ბოროტებად აქცია.

ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ევროპის ეკონომიკისთვის ნავთობის და გაზის ემბარგოსთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგებით შეშფოთებულია, რაც ბორელის განცხადებაშიც ჩანს. იგივე კონტექსტი ისმის მაკრონისგან, რომ ამ პროცესით არავინ უნდა დაზარალდეს. გასაგებია მათი ეს პოზიცია, რაც შემოდგომასა და ზამთარში კიდევ უფრო გამწვავდება, თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდა.

ევროპა არჩევანის წინაშე დგას - სანქციები, გაწელილი ომი, უზარმაზარი მსხვერპლი უკრაინაში და ევროპის ეკონომიკაში პრობლემები, თუ მაქსიმალური ჩართულობა და უკრაინისთვის დიდი სამხედრო დახმარება, რათა ომი უკრაინის გამარჯვებით, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს,“ - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა