"ლელოს" პოლიტიკური მდივანი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ქალაქ ტალინში საერთაშორისო კონფერენციაზე "ლენარტ მერი" გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი 03:00 საათზე შესრულდება.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 13-15 მაისს, ესტონეთში, ტალინში ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება.
„კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, უსაფრთხოების და სამხედრო საკითხების ექსპერტები. საქართველოდან მონაწილედ და მომხსენებლად მიწვეულია "ლელოს" პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.
სამდღიან კონფერენციაზე ტალინში განხილული იქნება დღეს მსოფლიოში და ევროპისთვის ყველაზე აქტუალური საკითხები, კერძოდ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა და პერსპექტივები.
სალომე სამადაშვილი ერთადერთი მონაწილე იქნება საქართველოდან. ღონისძიებას მეზობელი და მეგობარი ქვეყნების თანამდებობის პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სალომე სამადაშვილი მის მოხსენებაში ისაუბრებს რეგიონის უსაფრთხოების და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.