რომან გოცირიძე - ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა სავალალოა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების გაზრდის წინადადებით მიმართა და აღნიშნული დარგის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა ითხოვა.

„ზოგადად, რომ შევაფასოთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სავალალო და ეს არა მხოლოდ ერთ სამინისტროს, არამედ ეს ეხება მთლიანად მთავრობის მუშაობას და ის უსუსურობა, არაკომპეტენტურობა, მუშაობის არა ეფექტიანობა, ბიუჯეტის ფლანგვა, ეს ყველაფერი გამოვლინდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ექსტრემალური ვითარება გაჩნდა. კოვიდის შედეგებმა და მისმა შედარებამ სხვა ქვეყნებთან გვაჩვენა, რომ ძალიან ცუდად მუშაობს საქართველოს მთავრობა. მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა, მისმა განცხადებამ, მინისტრების განცხადებებმა,

არათანმიმდევრულობამ, ჯარიმების საარჩევნოდ ჩამოწერამ ეს ყველაფერი აჩვენა. ვინ დააჯარიმეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში? რატომ არსებობს კანონი თუ ის არ სრულდება? იგივე ნიღბები - რამდენს უკეთია ავტობუსებში? ამიტომ ეს ყველაფერი თითქოს პატარა, ცალკეული მაგალითია, მაგრამ ერთ რამეს აჩვენებს - ეს სახელმწიფო არასწორად იმართება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც გააკრიტიკა და იგი უძირო ქვევრს შეადარა.

მისი განცხადებით, წლის ბოლომდე პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები იხარჯება და შემდეგ ხდება დამატებით თანხების მოძიება.

„არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ამ პროგრამას არ ქონოდა რამდენიმე მილიონიანი გარღვევა. წლის ბოლოს საიდან მოგაქვთ ეს ფული? და 35 მილიონი რა არის იცით? ეს არის დღეს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პროგრამა. აქ რამდენჯერმე ახსენეს ეს პროგრამა და მისასალმებელია, რომ ამაზე ვსაუბრობთ. მთელი ფსიქიატრიული დარგი დაწყებული დიდი სტაციონარებით დამთავრებული პოლიკლინიკებით, ყველა ერთად არის ერთი საშუალო სიდიდის ევროპული, ჩეხური ან უნგრული კლინიკის ბიუჯეტი. მცირედი მატებაა ყოველ წელს, მაგრამ ეს არაფერია. 35 მილიონი ერთბაშად უნდა დაუმატოთ. ამიტომ, როდესაც მოდიხართ ახალი მინისტრი, ადექით და ერთი საქმე დატოვეთ. როცა მინისტრი წავა არავის არაფერი არ გაახსენდება ვინ რა გააკეთა, მაგრამ თუ თუნდაც ამ ერთ პრობლემას მოუვლით, საშვილიშვილოდ ემახსოვრებით თქვენ. ჩემი მოწოდება იქნება, როდესაც მოხვალთ და ბიუჯეტს მოიტანთ, პატარა გარღვევა მაინც გააკეთეთ", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო