თენგიზ ცერცვაძე - ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა - არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომეწონა, რაც მან თქვა

ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა. მაშინ, როდესაც მინისტრმა მილიარდის და ცარიელი საწოლების თემა გააჟღერა, არ განმარტა, თუ ვინ იყო ბრალდების ადრესატი, არ განმარტა, სად წავიდა ეს მილიარდი - საქმეში დაიხარჯა, თუ გაიფლანგა, - ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კითხვას, ვინ იყო მისი კრიტიკული განცხადების ადრესატი, ვის გამოც თანამდებობიდან გადადგომასაც კი აპირებდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, „ხინჯი ჰქონდა, რატომ გააკეთა მინისტრმა განცხადება დაზუსტების და ზუსტი ადრესატის მინიშნების გარეშე“.

„კლინიკური მართვის ხარვეზებზე კამათი და დისკუსია ბევრჯერ იყო, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ისეთი დონის მიზეზი, რომ თანამდებობიდან წასვლაზე გამეკეთებინა განცხადება. მრავალი წელია, რაც ექიმად ვმუშაობ. ვიცი, რომ ცხოვრებას უსამართლო ბრალდებების, ცილისწამების და რთული მომენტების გარეშე ვერ გაივლი. ამ შემთხვევაში, ბრალდება იმდენად უსაფუძვლო და უზნეო იყო, რომ ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა, საღ აზრს იყო აცილებული და რაღაც მომენტში, კონტროლი დავკარგე. ჩემი კრიტიკის მთავარი ადრესატი იყო გაზეთი „რეზონანსი“ და მასში გამოქვეყნებული, ზვიად ტომარაძის ინტერვიუ, ამასთან, მისი მიმდევრების კომენტარი. ძალიან მძიმე ბრალდება იყო, რომ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ, ე.წ. სამმა მუშკეტერმა მილიარდი ლარი მივითვისეთ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სიცოცხლეში ერთი ლარიც კი არ ამიღია არაკანონიერად, პაციენტისგან ერთხელაც კი არ ამიღია ჰონორარი!

როდესაც ჩვენ მილიარდის გაფლანგვას გვაბრალებენ, ამას საფუძველი თუ არა, ეჭვი მაინც უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ადამიანებმა, მთელი პანდემიის სიმძიმე საკუთარ კისერზე გადავიტანეთ, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალური ყოფილიყო. უამრავი ადამიანი გვყავს გადარჩენილი. ბრალს იმაში კი არ გვდებენ, რომ პაციენტებს ცუდად ვმკურნალობდით, გვაბრალებენ, რომ პაციენტები კლინიკებში ჩავხოცეთ! ტომარაძე და მისი მიმდევრები მოითხოვდნენ, რომ არათუ დავესაჯეთ, არამედ დავეხოცეთ, საფლავში ჩაგვდონ არა ჩვეულებრივი გზით, არამედ - წამებით. ეს ყოფილა მარგინალური კატეგორია, ბნელეთის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, დაარწმუნონ ადამიანები, რომ ქვეყანაში საშინელება ხდება, ექიმები შეგნებულად კლავენ ადამიანებს, მილიარდს ფლანგავენ. ასევე, ამბობენ, რომ კოვიდი არ არსებობს. ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენს ეს კატეგორია. საზოგადოების უმეტესი ჯანსაღი ნაწილისგან მივიღე რჩევა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს ყურადღება არ უნდა მივაქციო.

გარდა ამისა, ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა, მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა. მაშინ, როდესაც მინისტრმა მილიარდის და ცარიელი საწოლების თემა გააჟღერა, არ განმარტა, თუ ვინ იყო ბრალდების ადრესატი, არ განმარტა, სად წავიდა ეს მილიარდი - საქმეში დაიხარჯა, თუ გაიფლანგა. ჯერ არ იყო დასრულებული კვლევა იმისთვის, რომ ეთქვა, კონკრეტულად ვინ და როგორ დახარჯა. ამ ყველაფრის წინასწარ გაჟღერებით ინსინუაციების საბაბი მისცა ტომარაძეს და მსგავს ადამიანებს. როდესაც გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, როდესაც მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მისი განცხადების შემდეგ ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კომუნიკაცია ჰქონდა და „თუ არ ჩათვლის ჯანდაცვის სექტორისადმი მინისტრის ბოლო გამონათქვამებში არსებულ უზუსტობებს, მის ბევრ წამოწყებას მხარს უჭერს“.

„კომუნიკაცია იყო. მე მინისტრთან არც მანამდე და არც შემდეგ სერიოზული უთანხმოება არ მქონია, პირიქით თანამოაზრეები ვიყავით. მას გვერდში ვედექი ყველა დიდ წამოწყებაში და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. მე მაინც დამრჩა ხინჯი, კერძოდ, რატომ გააკეთა მინისტრმა განცხადება დაზუსტების და ზუსტი ადრესატის მინიშნების გარეშე? მინისტრიც ადამიანია. მე არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომეწონა, რაც მან თქვა.

თუ არ ჩავთვლით, მინისტრის ბოლო გამონათქვამებში არსებულ უზუსტობებს, რომელიც სამწუხაროდ, ინსინუაციების მიზეზი გახდა, ყველა მის წამოწყებას დადებითად ვაფასებ, უფრო მეტიც, მე მხარდამჭერი და ბევრი მის მიერ გაკეთებული წამოწყების უშუალო მონაწილე ვიყავი. მინისტრის მხრიდან ძალიან დიდი წამოწყებაა მედიკამენტების გაიაფება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რაციონალიზაცია, ხარჯეფექტური პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერში მხარი არ დავუჭირო? ყველაფერში გვერდში ვედექი და დავუდგები, თუმცა მისი ცალკეული გამონათქვამები მიუღებელი იყო“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს