რომან გოცირიძე - ივანიშვილის თავზე ღრუბლები მოიქუფრა, ის არის დასანქცირების კანდიდატი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ სასწრაფოდ უნდა გაუშვან, რითაც “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დასავლელი პარტნიორების გულს მოიგებს.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი “ძალიან ინანებს“.

„მთავარია, გადაყვანა მოხდეს დროზე, ვიდრე ისე არ დაუზიანდა ჯანმრთელობა, რომ განკურნება შეუძლებელი იყოს - როგორც კი, ოდნავ მოსულიერდება, როგორც კი შეეძლება ფიზიკურად მოძრაობა და ტრანსპორტით გადაადგილება. პროცესი არ უნდა წავიდეს მეორე წრეზე, არ უნდა განმეორდეს გორის პრეცედენტი, არ უნდა დაბრუნდეს არანამკურნალევი კვლავ ციხეში. სასწრაფოდ, რამდენიმე დღეში, როგორც კი შეეძლება უცხოეთში წასვლა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან სამკურნალოდ. ძალიან ინანებს ბიძინა ივანიშვილი და მერე გაახსენდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რა იყო, იმ ცუდი ბედისა, რომელიც მოელის - მათ შორის მის აქტივებს. თუკი კარგად დაფიქრდება, ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად ჩვენი დასავლელი პარტნიორების გულსაც მოიგებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე შეეხო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს.

რომან გოცირიძის შეფასებით, „ივანიშვილს რასაც პატიობდნენ, აღარ აპატიებენ“ და ივანიშვილი დასანქცირების კანდიდატია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ იცის, 10 წელი პატიობდნენ, მაგრამ არასდროს არავის აპატიებენ, რადგან ოლიგარქიზმი მოკვდა, დამთავრდა. პოლიტიკურ ცხოვრებაში ოლიგარქის ცნება იმდენად ტოქსიკურია, რომ ევროპა სულ მალე ოლიგარქების სახადს მოიხდის, რომელიც რუსეთმა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა დანერგეს, მათ შორის საქართველომ , უკრაინამ და ა.შ. ოლიგაქიზმის ეპოქა დამთავრდა.

ივანიშვილს რასაც პატიობდნენ, აღარ აპატიებენ. ივანიშვილისადმი მოსალოდნელია სანქციები. თურმე ვიღაცას ომში ჩათრევა უნდა, ეს არის ძალიან ბრიყვული ლეგენდა, რომ დასავლეთს, ამერიკას, ოპოზიციას უნდა საქართველო ომში გაეხვიოს და ივანიშვილი თურმე ამას არ აკეთებს, სწორედ ამიტომ ისჯება. ივანიშვილი ისჯება თავისი წარსულის გამო, იმის გამო, თუ როგორ გადაახია ქვეყანას კონსტიტუცია, ამავე დროს არაფორმალური ადამიანი მართავს ყველაფერს. იმდენად არასერიოზული იყო მათი ეს განცხადება, მიხვდნენ, რომ დასავლეთისადმი შანტაჟით არაფერი გამოუვა. ფაქტობრივად, აშანტაჟებდა დასავლეთს, „თუ ჩემს ბანკებში ფულს არ მაძლევთ, ან მომავალში თუ სანქციებს დამაკისრებთ, წავალ რუსეთისკენ“ და ა.შ. სად წამსვლელია?! ივანიშვილის თავზე ღრუბლები მოიქუფრა, ივანიშვილი არის დასანქცირების კანდიდატი. ის არის სერიოზულ განცდებში და პირველი ტესტი, რომელიც ლაკმუსის ქაღალდში ჩადო, მიიღო ბანკებიდან და იმ მმართველი კომპანიიდან, რომელიც მის ქონებებს განაგებს. რაღაც ხდება მის თავს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა