სალომე ზურაბიშვილი - კი არის პარტიების პასუხისმგებლობა, რომ ვერ გამონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ითმენდეს და ამის  წინააღმდეგ იყოს მიმართული

აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს - ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ გამოვა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაგრძელება არ შეიძლება.

„მე, როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, გადავწყვიტე რეგიონებში მევლო და ჩვენს საზოგადოებასთან ბევრად უფრო ახლოს ვყოფილიყავი არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ისე მოხდა, რომ ასე დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავაგრძელე. დაიწყო პანდემია, ხელი შეგვეშალა და წელს დავიწყეთ ხელახლა ამ ეროვნული თანხმობის პროცესის ირგვლივ შეხვედრების დაგეგმვა. როცა უნდა ჩავსულიყავით ახალციხეში, დაიწყო უკრაინაში ომი. ამის მიუხედავად, აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პროცესი. მაინტერესებს თქვენი ყველას მოსაზრება. თუ სადმე წარსულში, სამოქალაქო საზოგადოება არსებობდა, ეს არის ქუთაისი. აქ დაიწყო ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენც გვყავს ჩვენი დემოკრატიის მამები, რომლებიც, ძირითადად, ქუთაისიდან იყვნენ და აქ აყალიბებდნენ როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყანა, როგორი დამოუკიდებელი, რა პრინციპების მატარებელი. კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ყველა ეს პრინციპები, რომელზეც ვდგავართ და დღეს გვინდა გავაძლიეროთ, ეს პრინციპები აქ იწყება, ქუთაისიდან. აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს. ბევრ ახალგაზრდა სახეს ვხედავ და თქვენი, ახალგაზრდების მოვალეობაა, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფრისგან დამცველი იქნება. იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება? იარსებებს ყველა ის პრინციპი, რაც ჩამოვთვალე და ქმნის თანამედროვე სახელმწიფოს.

საიდან წამოვიდა ეროვნული თანხმობის იდეა? იქიდან, რომ არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო პოლარიზაცია და დაპირისპირება. არ შეიძლება რომ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ამ პოლარიზაციამ მიიღო მახინჯი ფორმა,.პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, რომელზეც უცებ არ დაიწყება ეს დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც იღებს საშინელ ფორმებს. ეს არ არის დისკუსია და მოსაზრებების შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვაზე. ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ ვართ შეთანხმებული არც წარსულზე, არც აწმყოსა და არც მომავალზე. ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ ვარგა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, ეს რომ არ დაუშვას ამ საზოგადოებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო