საქართველო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავს! - ეს არის “დიდი შვიდეულის“ შეკრება და ნატო-ს მინისტერიალი - არც ერთგან საქართველო წარმოდგენილი არ არის! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, იქ არიან უკრაინა და მოლდოვა, ხოლო საქართველო - არა, “რაც კატასტროფაა“.
“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების კეთება დაიწყო. ვეკითხები საზოგადოებას, არის თუ არა ეს დიდი თავის ტკივილი და დიდი ტრაგედია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის?! სამწუხაროდ, დიახ! როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი?! - გასაღები არის მატყუარა ოცნებების პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, რომელიც დასავლურ ინტეგრაციის გზას უფრო და უფრო გვაცილებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ხელისუფლება გაცილებით უფრო სწრაფად შეიცვლება და სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე მას წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოება არ აპატიებს.
შეგახსენებთ, რომ “დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.
Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.
სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.