დღეს ყველანი ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის და ქალების ახალი შესაძლებლობებისთვის პოლიტიკაში,- ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქალების დღევანდელი გაერთიანება მათ ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
„დღეს გავერთიანდით ქალები. აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობა დგება და მე დარწმუნმებული ვარ, რომ ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწევს და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს წარმატებას და ერთად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც წინ ჯერ კიდევ გვაქვს.
გიყურებთ დღეს, მთელი დღეა, ამდენ ძლიერ ქალს და გულწრფელად გეტყვით კიდევ, რომ მუნიციპალიტეტებში თქვენი ჩართულობა, ჩვენს სოფლებში, ქალაქებში აღმასრულებელ და წარმომადგენლობით პოზიციებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
სწორედ დღევანდელი ჩვენი გაერთიანება მისცემს ახალ შესაძლებლობებს ქალებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გოგონებს, რომლებიც უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
ჩემმა გუნდმა წლების წინ მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი აქტიური პოლიტიკურ ასპარეზზე და არ ვთქვი უარი ცხოვრებაში ჩემთვის, ალბათ, ყველაზე მთავარზე, ოჯახზე - შევეცადე და გამომივიდა, რომ მეზრუნა ჩემს საყვარელ საქმეზე და ასევე, ჩემს მრავალშვილიან ოჯახზე. ღრმად მწამს, რომ ჩვენი გაერთიანებით შევძლებთ, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატებას გაიზიარებს და ხელს შეუწყობს.
მაშ ასე, ჩვენ დღეს ყველანი ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის და ქალების ახალი შესაძლებლობებისთვის პოლიტიკაში“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.