რომან გოცირიძე - ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია

ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

გოცირიძის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი“.

„ის [ივანიშვილი] მჭიდრო კავშირშია რუს ოლიგარქებთან, მთელი მისი ქონება რუსეთში არის ნაშოვნი. ის, ფაქტობრივად, რუსეთის რეჟიმს ემსახურება და თავისი ქმედებებით ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყანაში. ეს იყო პირდაპირ, მიზანმიმართულად ტელეკომპანია „მთავარის“ დასახურად გადადგმული ნაბიჯი. შემდეგ რიგში სხვები იქნებიან, რადგან ამ ხელისუფლების კრიმინალურ და ფინანსურ დანაშაულებს მხოლოდ თავისუფალი მედია ავლენს. ეს არავის შერჩება.

რაც შეეხება პერსპექტივას, სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა