ნინო ბურჯანაძე - რა ევროკავშირის წევრობაზეა საუბარი, როდესაც გამოგონილი ბრალდებით აკავებენ მთავარი ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს?! საზოგადოება, ოპოზიცია თუ გაიღვიძებს, ცუდი არ იქნება

ვის ვატყუებთ ევროკავშირის წევრობაზე რომ ვსაუბრობთ? რა ევროკავშირი, რა განაცხადი, რა ევროკავშირის წევრობაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც აბსოლუტურად შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით აკავებენ მთავარი ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს?! - დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ვბრუნდებით არა ევროკავშირში, არამედ საბჭოთა კავშირში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება არის გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ სინამდვილეში არანაირი ევროკავშირი არ გინდა.

„ძალიან მძიმედ და არასასიამოვნოდ დაიწყო კვირა. ეს არ არის ემოცია, ადამიანური დამოკიდებულება ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება, რომ საქართველოსთვის ძალიან მძიმე ვითარება დადგა. უნდა ვაღიარო, რომ არ ველოდი. მეც კი ადამიანს, რომელსაც ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს ხელისუფლების მიმართ, არ ველოდი. როგორც ჩანს, კიდევ ბოლომდე არ მჯერა, რამდენად უგუნური შეიძლება იყოს ხელისუფლება. რამხელა სითავხედეზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება. დავსვათ რიტორიკული კითხვა: ვის ვატყუებთ ევროკავშირის წევრობაზე რომ ვსაუბრობთ? რა ევროკავშირი, რა განაცხადი, რა ევროკავშირის წევრობაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც აბსოლუტურად შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით აკავებენ მთავარი ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს?! ეს ხომ აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საქმეა? ნიკა გვარამიამ გადაარჩინა ტელევიზია. ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით?! კბილებით იცავდა ბოლო პერიოდის განმავლობაში „რუსთავი 2-ს“, როცა ბიძინა ივანიშვილი წლებია მის ჩაგდებას ცდილობდა და ივანიშვილისთვის მოულოდნელად, ცარიელ ადგილზე, პრაქტიკულად მინუსებიდან, „რუსთავი 2-ის“ წართმევის შემდეგ, შექმნა ტელეკომპანია „მთავარი არხი“. ის რომ გაჩერებულიყო და „მთავარი არხი“ არ შეექმნა, ბრძოლა არ დაეწყო ივანიშვილისთვის, არავინ მას ხელს არ ახლებდა, ეს ხომ კარგად ვიცით?! მაგრამ ვინაიდან არ გაჩერდა, ვინაიდან გაბედა ბრძოლის გაგრძელება, ვინაიდან შეუპოვრად აგრძელებდა ბრძოლას, ამიტომ ჩასვეს ციხეში და აქ საზოგადოებამ თავის მოტყუებას თავი დაანებოს და გვარამია ვის მოსწონს და ვინ არ მოსწონს, ვინ ეთანხმება და ვინ არა, გადადოს გვერდზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ გვარამია მოგწონს თუ არა, ტელეკომპანია მოგწონს თუ რა, აქ საუბარია იმაზე, რომ თავისუფალ სიტყვას ბურთი ჩასჩარეს. ეს თავისუფალი სიტყვა შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ დემოკრატია ეს არის, როცა არ ეთანხმები, არ მოგწონს, მაგრამ მაინც აძლევ საუბრის საშუალებას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება არის შემთხვევა, როცა საქმე ეხება პირად მოტივაციას და კრიტიკული მედიის დაშინებას.

„ეს ხომ ყველასთვის ნათელი მაგალითია, ხვალ რა შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებას. დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ვბრუნდებით არა ევროკავშირში, არამედ საბჭოთა კავშირში. ახლა დასავლელი პარტნიორების მხრიდან უნდა იყოს ძალიან ნათელი პოზიცია. ისეთი კი არა თან ბიძინას ძალიან რომ არ დაუპირისპირდნენ, თან არეულობა არ გვინდა და არეულობა არავის გვინდა, უნდა იყოს ძალიან ერთმნიშვნელოვანი, პირდაპირი და გაჭრილი პოზიცია. ჩვენ ავტოკრატიისკენ კი არ მივდივართ, უკვე ვცხოვრობთ. ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება მოვლენები, იგივე აპელაცია რას გააკეთებს, დამოკიდებულია საზოგადოების რეაქციაზე, ოპოზიციის რეაქციაზე. თუ გაიღვიძებენ არ იქნება ცუდი და ერთობლივ ზომებს მიიღებენ. ახლა თუ ამაზე საზოგადოება გაჩუმდება, მერე წუწუნი, რომ საბჭოთა კავშირში დავბრუნებულვართ, ევროკავშირი საქართველოსთვის რეალისტური არ იქნება, ვიღაცას გააჩუმებენ, ვიღაცას სამსახურიდან გააგდებენ, ადამიანები ხმას ნუღარ ამოიღებენ. დღეს კრიტიკული მედიასაშუალების ხელმძღვანელის ასე უაპელაციოდ, არასწორი და შეთითხნილი ბრალდებებით დაკავება, ეს არის გზავნილი და შენ ევროკავშირს ეუბნები, რომ სინამდვილეში არანაირი ევროკავშირი შენ არ გინდა ანუ ევროკავშირს აძლევ საშუალებას, რომ ისედაც კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახადოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო