ნინო ლომჯარია - დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში - ვფიქრობ, გვარამიას საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმატება ექნება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მივიდა.

როგორც ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, საქმე, რომელზეც ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, დანაშაულის ნიშნებს საერთოდ არ შეიცავს.

„ჩემი მოსვლის მიზანი არის ის, რომ მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს კანონთან შეუსაბამო განაჩენი დადგა. სახალხო დამცველის აპარატს ბრალი, სადაც განაჩენი დადგა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი. ვფიქრობთ, ამ საქმეში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, არამედ არც საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა მსგავს დავას წარმატება მომჩივნის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, დარღვეულია კანონიერების პრინციპი, ასევე სტრასბურგის ევროკონვენციის მეშვიდე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც დანაშაულად არ ითვლება. ვფიქრობთ, აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, რა არის ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზანი, ლომჯარია ამბობს, რომ ეს პროცესი „კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული მტრული გარემოს გაგრძელება და რადიკალური გამოვლინებაა“.

„ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელების და მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს და დისკრედიტაციების მცდელობებს, დღეს კი ალბათ კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც დანაშაულს საერთოდ არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში. დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი გვარამიას მიმართ განაჩენის შესახებ საკუთარ სამართლებრივ შეფასებას საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს.

„ვაპირებთ ჩვენი მანდატის ფარგლებში დეტალურად გავეცნოთ განაჩენს. აუცილებლად გვექნება დამატებითი სამართლებრივი შეფასებები, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდებთ. ვფიქრობ, ამ საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმატება ექნება, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა