ევროპარლამენტარები - ნიკა გვარამიასა და ორი პირის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე საქართველოს სასამართლოს განაჩენს საქართველოზე აქტიურად მომუშავე ევროპარლამენტის წევრები, „ევროპელი მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის“, „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“, „ევროპული განახლების“, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფებიდან, გამოეხმაურნენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„"მთავარი არხის" დირექტორის ნიკოლოზ გვარამიასა და მასთან დაკავშირებული ორი პირის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს.

სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებულ არაეთიკურ თავდასხმაზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს საფუძვლიან შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები კონტრბრალდებებით შეხვდნენ.

საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი- ეს ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი ქვეყანა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“,-აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს