ნათია მეზვრიშვილი - როცა ევროინტეგრაციის პროცესში ვიმყოფებით, ასეთი კითხვის ნიშნებით და მსხვილი მედიასაშუალების დირექტორს აკავებ, რა თქმა უნდა, ეს აღიქმება თავისუფალ მედიაზე თავდასხმად

ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს გვარამია, ვიღაცას არა, ჩვენ ახლა პერსონალური სიმპათიები და ანტიპათიები გვერდით უნდა გადავდოთ. როცა ევროინტეგრაციის პროცესში ვიმყოფებით, ასეთი კითხვის ნიშნებით, ამ კონტექსტში, დღეს და ამ დროს, როცა მსხვილი მედიასაშუალების დირექტორს აკავებ, რა თქმა უნდა, ეს აღიქმება თავისუფალ მედიაზე თავდასხმად, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებას, სადაც ის შეშფოთებულია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ისახავს მიზნად.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, დღეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უნდა გაერთიანდეს ევროინტეგრაციის პროცესისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გვაქვს უკუსვლა, ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ევროინტეგრაციის ინტერესების ირგვლივ ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, ყველაფერი დანარჩენი გვერდით უნდა გადავდოთ და ამაზე ვიყოთ მაქსიმალურად ფოკუსირებულები. ჩვენი პარტია ბრიუსელში იმყოფება და იქ მთავარი სათქმელია ის, რომ დავარწმუნოთ ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს. თუმცა ამ პროცესს მნიშვნელოვნად აზიანებს ხელისუფლების მხრიდან გაუაზრებელი გადაწყვეტილებები, იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული, რაც ვიცით რომ არა სასამართლოს მიერაა მიღებული, არამედ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, უცნობია, რა შეიძლება ყოფილიყო ნიკა გვარამიას დაკავების რეალური მოტივი.

„ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს გვარამია, ვიღაცას არა, ჩვენ ახლა პერსონალური სიმპათიები და ანტიპათიები გვერდით უნდა გადავდოთ. როცა ევროინტეგრაციის პროცესში ვიმყოფებით და ევროკავშირი გვეკითხება, მთელი თავია მართლმსაჯულებაზეა, ჭირს კანონის უზენაესობის ნაწილის დაკმაყოფილება და მითუმეტეს ეს გაუჭირდება ჩვენს ქვეყანას. როცა იქ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია მედიის თავისუფლებაზე, მედიაპლურალიზმზე, 222-ე კითხვაა, გყავს თუ არა ქვეყანაში მსჯავრდებული ჟურნალისტი და გაქვს თუ რა ეფექტიანი მექანიზმები იმისთვის, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ უკანონო მსჯავრდება, კანონის შერჩევითი გამოყენება თავიდან აიცილო, ამ პროცესში ასეთი კითხვის ნიშნებით, ამ კონტექსტში, დღეს და ამ დროს, როცა მსხვილი მედიასაშუალების დირექტორს აკავებ, რა თქმა უნდა, ეს აღიქმება თავისუფალ მედიაზე თავდასხმად. მე არ ვიცი რა იყო ივანიშვილის მიზანი, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მოტივაცია მრავალგვარი შეიძლება იყოს, შესაძლებელია ივანიშვილი ამას აკეთებს იმიტომ, რომ სანქციებისთვის თავის არიდება უნდა ან დასავლეთის დამოკიდებულებას და ნებისყოფას ტესტავს, შესაძლებელია ის ამას პირადი შურისძიების და ანგარიშსწორების მოტივით აკეთებს გვარამიას მიმართ.

„ოცნების“ მიზანი, რაც არ უნდა ყოფილიყო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქ გვარამია იქნებოდა თუ სხვა სახელი და გვარი, შედეგი არის ერთი - ზიანდება სახელმწიფო ინტერესები და ვაჭრობა ხდება რეალურად სახელმწიფოს ევროპული მომავლით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა