DRI - სასამართლო განაჩენით 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების არსებობა დასტურდება

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივი დარბევა ორგანიზებული იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათი განცხადებით, საგანგაშოა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ათი თვის შემდეგაც კი, საქართველოს პროკურატურას ძალადობის ორგანიზატორ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორების ბრალეულობა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენითაც დასტურდება.

DRI საქართველოს პროკურატურას 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილმა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების საქმის განმხილველი მოსამართლეებისგან განსხვავებით, ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობაში ექვსივე მსჯავრდებული დამნაშავეებად ცნო.

2022 წლის 4 აპრილის განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში ხაზგასმულია, რომ „სწორედ „თბილისი პრაიდის” აქციის მონაწილეთა საწინააღმდეგოდ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა, [...] აქციის მონაწილეთა მხრიდან იყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოწოდებები, მათი დევნის, ფიზიკური ანგარიშსწორების და ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რაც ბრალდებულების და მათი სხვა თანამზრახველი პირების მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი”.

სასამართლომ ყურადღება „ონლაინ გამოცემა „პუბლიკას” მიერ გაკეთებულ სიუჟეტზე გაამახვილა, რომელშიც ნათლად ჩანს 2021 წლის 5 ივლისამდე განვითარებული მოვლენები, სხვადასხვა პირთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მოქმედებები 5 ივლისს განსავითარებელ მოვლენებთან და დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, [...]. შემდგომი მოვლენები 5 ივლისს განვითარდა ისე, როგორც მანამდე იყო სიუჟეტში ახსნილი.”

გამამტყუნებელი განაჩენის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერში ნათლად ისმის და ეს ასახულია ასევე სიუჟეტშიც, რომ „სირცხვილიას” ოფისისკენ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა წავიდეს, რადგან იქ შეკრებილი არიან „ლგბტ” თემის წარმომადგენლები და მათი დამცველები.

აღნიშნული ვიდეო სიუჟეტი ადასტურებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებენ და ძალადობისკენ აქეზებდნენ. ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია „ალტ-ინფოს“ ლიდერ ზურა მახარაძის მოწოდებებზე, რომელიც ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელი იყო სიუჟეტში ასახული პირების იდენტიფიცირება, მხოლოდ ორგანიზატორების არსებობის შესახებ მიუთითა. აღნიშნულ სიუჟეტში ზურაბ მახარაძესთან ერთად ორგანიზების პროცესში მონაწილეობას შოთა მარტინენკო, კოკა მორგოშია, „ალტ-ანალიტიკის” წამყვანები, სასულიერო და სხვა პირებიც იღებენ.

იმის გასარკვევად, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას კითხვით მიმართა. პროკურატურიდან მიღებულ პასუხში მითითებულია, რომ 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და მასში მონაწილეობის (225-ე მუხლი პირველი მე-2 ნაწილებით), ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების (2391 მუხლის პირველი ნაწილი), დევნის და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (156-ე მუხლით და 154-ე მუხლით) საფუძვლებით მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებთ, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ დაიწყოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო