ომბუდსმენის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ოჯახსა და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა დანაშაულზე სახელმწიფოს პრევენციულ პოლიტიკას ნაკლოვანებები აქვს

სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოჯახსა და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მაჩვენებელი გაზრდილია, დანაშაულზე სახელმწიფოს პრევენციულ პოლიტიკას ნაკლოვანებები აქვს.

როგორც მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, 2021 წელს ქალთა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი გაზრდილია.

„გავიზიარებ პოზიციას, რომ საქართველოში გაიზარდა ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მაჩვენებელი. მზარდია, ასეთი შემთხვევების დანაშაულებად იდენტიფიცირების მაჩვენებელი. თუმცა, სამწუხაროდ, მასშტაბები ამ პრობლემის არ მცირდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა ნაკლოვანებებით ხასიათდება - ვახდენთ რეაგირებას მომხდარ შემთხვევებზე, მაგრამ ვერ უზრუნველვყოფთ ასეთი შემთხვევების პრევენციას. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ დრომდე, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს უწყებათაშორის კოორდინაციას, მათ შორის, სოციალური თუ სხვა სამსახურების ჩართულობას, იმისთვის, რომ ძალადობის ფაქტები არ ხდებოდეს ან ასეთი ფაქტების პრევენცია ხდებოდეს, ჯერ კიდევ არ დამტკიცებულება. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს! ასევე, ჩვენი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც გამოძიების დაწყების მიუხედავად, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილება პრაქტიკაში ვერ ხდება.

გასულ წელს ქალის მკვლელობის 22 და მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტი მოხდა, თუ შევადარებთ 2020 წლის მონაცემებს, ქალთა მკვლელობის მცდელობებში გვაქვს მატება, გასულ წელს 27 ფაქტი მოხდა. ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ძირითადად აქვს მომხდარ შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმები და ის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა სხილაძემ.

მისივე თქმით, ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება არის ხოლმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მსხვერპლთა მხარდაჭერა.

„ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების მიუხედავად, კვლავ გადავადდა და ერთი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს ე.წ. კომპენსაციის წესი ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის, რაც შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, ქალებისთვის იყოს შესაძლებლობა იმის, რომ მათ ძალადობრივ გარემოს თავი დააღწიონ. რატომაც მსხვერპლები ძირითადად ძალადობრივ გარემოში რჩებიან, არის სწორედ მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა. ამასთან, გეტყვით, რომ არასაკმარისია რესურსიც, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მხოლოდ 18 კოორდინატორია დასაქმებული, ხოლო შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის 14 კოორდინატორი. როცა ათასობით შემთხვევაზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია 14 კოორდინატორის პირობებში მათ ეფექტიანი სამუშაო გასწიონ იმისთვის, რომ მსხვერპლებმა ითანამშრომლონ მართლმსაჯულებასთან, უარი არ თქვან სხვადასხვა პროცესში მონაწილეობაზე.

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ძალადობრივი ქცევის კორექცია, როგორც ერთგვარი პრევენციული საშუალება იმისა, რომ განმეორებითი ძალადობრივი ფაქტები არ ხდებოდეს. ჩვენთან, საქართველოში გვაქვს მხოლოდ ნებაყოფლობითი მსჯავრდებულთათვის. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ძალადობრივი პრევენციის ქცევის პროგრამები სავალდებულო გახდეს მსჯავრდებულთათვის, ანუ მათთვის ვინც ოჯახსა და ქალის მიმართ ძალადობრივ დანაშაულებზე იხდიან მსჯავრს, ხოლო დამცავი ორდენის გამოწერის შემთხვევაში, ასევე სავალდებულო იყოს იმ მოძალადეებისთვაც, რომლებიც ამგვარად განისაზღვრებიან“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა