ანრი ოხანაშვილი მიხეილ დაუშვილს - რა დაგემართათ? დაიწყნარეთ ნერვები, ასეთი სისულელეების მოსმენა როგორ შეიძლება? სიტყვები გააკონტროლეთ!

სენაკის მცხოვრებლები, ბოდიში, ფეხებზე გკიდიათ; გაღელვებთ ბათუმის მცხოვრებლები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

დაუშვილის ამ განცხადების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გამოურთო და კორექტულად საუბრისკენ მოუწოდა.

„ერთი წუთით, ბატონო მიხეილ, მეტი კორექტულობა გმართებთ. თავს კონტროლი გაუწიეთ! დამშვიდდით, რა გჭირთ?! იმის უფლებას ნუ მისცემთ თქვენს თავს, რისი უფლებაც ჩვენ არ მოგვიცია თქვენთვის“, - მიმართა დაუშვილს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მოგვიანებით, დაუშვილმა აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებას დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ სენაკის საკრებულოს მუშაობაში ჩაერთვება, პარტია „საქართველოსთვის“ მმართველი პარტიის გამარჯვებულ კანდიდატს ბათუმის საკრებულოში მხარს დაუჭერს, რაც კრიზისს ავტომატურად დაასრულებს.

„შემდეგი, რაც მინდოდა მეთქვა - თქვენ ბევრი ისაუბრეთ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, მაგრამ ეს კანონის უზენაესობა არ არის. პირველად არ ხდება, რომ სახელობითი პროექტი გაგაქვთ, უკვე მერამდენე შემთხვევაა. ეს კანონის უზენაესობა კი არა, პარტიის უზენაესობაა, მეტი ამას არაფერი სახელი არ ჰქვია. ხომ ამბობთ, რომ ბათუმის მცხოვრებლების პრობლემების გადაჭრა არის თქვენი მიზანი, თუ მართლა გაღელვებთ სენაკის მცხოვრებლების პრობლემები, ორი გზა არსებობს - ამ კანონს კი ნუ იღებთ და კანონმდებლობას საკუთარ თავზე კი ნუ ირგებთ, მობრძანდით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რა ვალდებულებებიც მოქალაქეებმა დაგაკისრეს, ის ვალდებულებები შეასრულეთ. თქვენ რომ წეღან ვაჭრობა დაარქვით, სამარცხვინოა ეს შეფასება, ჩვენ შემოგთავაზეთ, რადგან სენაკის საკრებულოში კრიზისი დადგა, მობრძანდით და ერთად დავასრულოთ და ჩვენ მზად ვართ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში თქვენი ახლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დავუჭიროთ. ეს მაშინაც გითხარით, მერეც გითხარით და ახლაც გიდასტურებთ. ამ კანონის მიღებას, რომელსაც არც დემოკრატიასთან აქვს კავშირი და არც კანონის უზენაესობასთან, უბრალოდ, უნდა მობრძანდეთ სენაკის მუნიციპალიტეტში, დავასრულოთ კრიზისი და ავტომატურად, დაუყოვნებლივ ბათუმშიც დასრულდება კრიზისი. თუ მაინც ამ გზით გინდათ სიარული, მაშინ სწორი იქნება, რომ ეს ცვლილება, მხოლოდ ბათუმს კი არ უნდა ეხებოდეს და მხოლოდ შუალედური არჩევნების გზით არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, ასევე უნდა ეხებოდეს სენაკის მუნიციპალიტეტის პრობლემის და კრიზისის გადაჭრასაც. ეს არის მნიშვნელოვანი. ერთი რამ კარგად გაითვალისწინეთ, თქვენი მიზანი რა არის, ამას კარგად ვხედავთ, ბათუმის საკრებულოში რომ თქვენ დღეს უმრავლესობა გაქვთ, ეს გადის შანტაჟზე, მოსყიდვაზე და იძულებაზე, ვგულისხმობ თავდგირიძეს, მეორე მხრივ, გადის ადამიანის სიკვდილზე“, - განაცხადა დაუშვილმა და დასძინა, რომ სენაკში კრიზისის შექმნით „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა უნდა.

ამასთან, მისივე თქმით, ამ გზით მიდის მმართველი პარტია წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც, სადაც გელა აბულაძე დააკავეს, რომელიც დაუშვილის შეფასებით, „ოცნების“ პატიმარია“.

„დღეს „ოცნება“ ერთადერთი მიზნით მოქმედებს და ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. არავითარი მოქალაქის ინტერესი ამ მოქმედებებში აღარ დევს, ამ მოქმედებებში დევს ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი“, - განაცხადა დაუშვილმა.

დაუშვილის ამ განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ დაუშვილს არ აქვს მორალური უფლება კანონის უზენაესობაზე ისაუბროს მაშინ, როდესაც მისი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობიდან კანონდამრღვევისთვის კანონის უზენაესობის არაღსრულების გამო წავიდა.

„ისეთ ბრალდებას აყენებთ ისეთი არასერიოზულობით და ომახიანად, რა დაგემართათ? დაიწყნარეთ ნერვები და მშვიდად ისაუბრეთ. რა ადამიანის სიკვდილს გვაბრალებთ, გააკონტროლეთ თქვენი ემოცია. ასეთი სისულელეების მოსმენა როგორ შეიძლება? სიტყვები გააკონტროლეთ!

ასე ომახიანად საუბრის უფრო მეტი მორალური უფლება საიდან, როდესაც თქვენი გუნდი კანონდამრღვევისთვის კანონის უზენაესობის არაღსრულების გამო წავიდა საპარლამენტო უმრავლესობიდან? ამის მერე რომ თქვენ ასე ომახიანად საუბრობთ, ძალიან უხერხული უნდა იყოს. კანონის უზენაესობა რომ არ აღსრულებულიყო, კანონდამრღვევის ინტერესები გაატარეთ. ობიექტურად ასეა, სუბიექტურად რომ არ ეთანხმებით, გასაგებია, ამიტომ ხართ ასე მოტივირებული. წესით, უხერხულად უნდა გრძნობდეთ თავს“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილს.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან, მე-11 დღიდან დაიკავებს. "საარჩევნო კოდექსსა" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა