პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე." ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კანონპროექტის მიღების შედეგად, მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი გახდება, შენახვის უფლებით რეგისტრირებულ იარაღზე გასცეს იარაღის დროებითი მოწმობა მისი შენახვის ადგილიდან ტირში/სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით. ამასთანავე, ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს შესაძლებლობა ექნებათ იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე განახორციელონ შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის გადატანა შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ცვლილება სატრანსპორტო საშუალების ე. წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას ეხება. კერძოდ, ცვლილებების მიღების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ნომრის შენახვა არა ფიზიკურად, არამედ „ვირტუალურად". ამასთანავე, მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანს, 7 თვის ნაცვლად, შეინახავს 1 წლამდე ვადით.

კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება აგრეთვე „სატრანსპორტო საშუალების" განმარტება; კერძოდ, „სატრანსპორტო საშუალება" განიმარტება როგორც: მექანიკური სატრანსპორტო საშუალება; მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისთვის; სპორტული დანიშნულების ავტომობილი; ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალება.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, უქმდება გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც 365 დღით გაიცემა და რომლის ღირებულებაც 450 ლარს შეადგენს. მისი განმარტებით, ვინაიდან გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობა პრაქტიკაში ხშირად არ ხდება, აღარ არის ამ მომსახურების არსებობის აუცილებლობა.

კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვლება შიდა ტრანზიტის მომსახურებაც. კერძოდ, მოქმედი კანონის მიხედვით, შიდა ტრანზიტი გაიცემა ჯამში 90 დღით, რომლის დღიური საფასური 1 ლარია. ცვლილების თანახმად კი, შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი საფასური 50 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, უქმდება სანქციები შიდა ტრანზიტის ვადის გადაცილებისთვის. ცვლილებები შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის საკითხსაც.

კანონპროექტის მიხედვით, ცნობების გაცემის საერთო სტანდარტული ვადა 5 სამუშაო დღიდან მცირდება 3 სამუშაო დღემდე, ხოლო დაჩქარებული მომსახურების გაწევის სახედ მხოლოდ 1 სამუშაო დღეში ცნობის გაცემა დარჩება.

„კანონპროექტის მიზანია კანონში ცვლილების შეტანის გზით, მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დანერგილი ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის უკეთესი გარემოს შექმნასა და მისი ინტერესების ჯეროვან დაკმაყოფილებას ემსახურება", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა